გუშინ, პირველ დეკემბერს, რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მოსახლეობამ ახალი მოწვევის პარლამენტში 466 დეპუტატი უნდა აირჩიოს. ხმა მისცა რუმინეთის 9 მილიონზე მეტმა მოქალაქემ და საარჩევნო აქტივობამ 52.3% შეადგინა, რაც, რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2004 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
ხმა მისცეს პოლიტიკური პარტიების ლიდერებმაც, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატებმა, კელინ ჯორჯესკუმ და ელენა ლასკონიმ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური რუმინეთში 24 ნოემბერს ჩატარდა. სწორედ ეს ორი კანდიდატი გადავიდა მეორე ტურში, რომელიც 8 დეკემბერს გაიმართება.
ტიკ-ტოკის მესიად წოდებული კელინ ჯორჯესკუ დამოუკიდებელი კანდიდატია. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებით მან ბევრი გააოცა. როგორც თავად ამბობს, ჯორჯესკუმ ხმა მისცა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებას. კომენტარი სხვა ლიდერებმაც გააკეთეს.
„ჩვენ ერთობით სასწაულის მოხდენა შეგვიძლია. თუ ჩვენ გავერთიანდებით, ტიკ-ტოკის რუსი ბოტები ჩვენს ქვეყანას ვერ გაანადგურებენ. ეს აშკარაა, რომ ისინი ამას ვერ შეძლებენ. ჩვენ არ დაგვიწყებია მათი ტანკები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ოკუპირებისა და ტანჯვისთვის შემოიყვანეს. მესმის, რაც ხდება საზოგადოებაში, ხალხი იმედგაცრუებულია და სწორედ ამიტომ ვარ აქ. ეს ძველი პოლიტიკოსების 35-წლიანი პოლიტიკის შედეგია. მათ შექმნეს სისტემა, რომელმაც რუმინელი ხალხი განარისხა. ვფიქრობ, რომ მათ უნდა შეცვალონ პოლიტიკური ელიტა და გზა დაუთმონ ინტელექტუალ და კულტურულ ხალხს“, – ამბობს ელენა ლასკონი, პარტიის „გადაარჩინე რუმინეთი“ ლიდერი.
„დღეს რუმინელებმა დაადასტურეს, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია რუმინეთის მთავარი პოლიტიკური ძალაა. მადლობას ვუხდი ყოველ რუმინელს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს, აგრეთვე, მათაც, ვინც არ დაგვიჭირა. ჩვენ გააზრებული გვაქვს რუმინეთის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის. ვფიქრობ, არჩევნების შედეგებს ყველა ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ. რუმინელმა ხალხმა მნიშვნელოვანი გზავნილი მოგვცა პოლიტიკურ კლასს. უნდა გავაგრძელოთ ევროპული ფულით ქვეყნის განვითარება, თუმცა აუცილებელია, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, ეროვნული ფასეულობები და რწმენა“, – ამბობს მარჩელ ჩოლაკუ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი.
დათვლილია ხმათა 98.2% და არჩევნებში, ტრადიციულად, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ლიდერობს. მათ ხმათა 29% მოაგროვეს. მეორე ადგილზეა „ეროვნულ-ლიბერალური პარტია“ – 25.5%-ით, მესამე ადგილზე – პარტია „გადაარჩინე რუმინეთი“, რომლის ლიდერიცაა ელენა ლასკონი. მისმა პარტიამ ხმათა 16% მოიპოვა.