ევროპარლამენტარები, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ღია წერილით მიმართავენ. დეპუტატები კაია კალასს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში პასუხისმგებელი პირების დასანქცირებას სთხოვენ:
„ჩვენ, ხელმომწერ ევროპარლამენტარებს, გვსურს მოგიწოდოთ დაიწყოთ პერსონალური სანქციების დაწესების პროცესი საქართველოს ხელისუფლების მიმართ მიმდინარე მოვლენების გამო, სადაც მოქმედმა მმართველმა პარტიამ ხელისუფლება გაყალბებული არჩევნების გზით ჩაიგდო ხელში და ახშობს სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს.
ამ კვირაში, 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს დემოკრატიული კრიზისის გაუარესების შესახებ, რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და სავარაუდო საარჩევნო გაყალბების საკითხს ეხება.
დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს პერსონალური სანქციების ყოვლისმომცველი პაკეტი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში მომხდარი მასობრივი დარღვევების საპასუხოდ.
კერძოდ, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ ინდივიდუალური სანქციები საქართველოს იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონების და სტანდარტების დარღვევებზე, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების არასათანადოდ გამოყენებაზე. მათ შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. გარდა ამისა, სანქციები უნდა დაუწესდეთ მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების იღებენ.
ამასთან ერთად, ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, დაუყოვნებლივ დაწესდეს მიზნობრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და გაიყინოს მისი ყველა აქტივი ევროკავშირში მისი როლის გამო საქართველოს პოლიტიკური პროცესის გაუარესებასა და ქვეყნის კონსტიტუციურად დეკლარირებული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისათვის; მათ შორის რუსეთის გავლენის სფეროში საქართველოს დაბრუნების მცდელობებისთვის.
ამ წერილით მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ წარადგინოთ სანქციების წინადადება საბჭოს წინაშე, რადგან საქართველოში ავტორიტარული ძალაუფლების მოპოვება ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს“, – წერია ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას 28 ნოემბერს, 444 ხმით დაამტკიცა.
დოკუმენტი სახელწოდებით „საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისი ბოლო საპარლამენტო არჩევნებისა და არჩევნების სავარაუდო გაყალბების შემდეგ“ – საერთაშორისო ზედამხედველობით, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.
დეპუტატებმა ირაკლი კობახიძისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, კახი კალაძისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისა და შალვა პაპუაშვილისთვის სანქციების დაწესებასაც დაუჭირეს მხარი.