საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, დავით სოლომონია პროტესტის ნიშნად გადადგა.
„საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას.
დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი პროფესიული ვალდებულებები შენს ცხოვრებისეულ არჩევანს ემთხვევა.
მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს, ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. დღეს ეს იმედი დასრულდა.
ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას”, – წერია დავით სოლომონიას განცხადებაში.
თანამდებობა დატოვა ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმაც. „არა მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა მათ“, – დაწერა ოთარ ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში.
„ჩემი ვრცელი დიპლომატიური სამსახურის მანძილზე, ორ ათწლეულზე დიდი ხნის განმავლობაში, ჩემს კოლეგებთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული საქართველოს ევროატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან, მყარი და ნდობით აღსავსე სტრატეგიული პარტნიორობის შენებაში. ჩვენი დაუღალავი ძალისხმევა არ უნდა შეირყეს”, – წერია განცხადებაში.
თანამდებობა დატოვა იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ვეკუამაც.