მთავარისაქართველოსტუდენტების პროტესტი და ორი მთავარი მოთხოვნა

სტუდენტების პროტესტი და ორი მთავარი მოთხოვნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. პროტესტს სათავეში უდგას ახალგაზრდული წინააღმდეგობრივი მოძრაობა „ნება“, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები შედიან.

„უფრო მეტი სტუდენტი გვიერთდება, უფრო მეტი სტუდენტი გამოხატავს თანადგომას ჩვენ მიმართ. ჩვენი პროტესტი აუცილებლად უწყვეტი იქნება იქამდე, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ. ვითხოვთ უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას, გადადგომას და ახალ საპარლამენტო არჩევნებს“, – ამბობს პროტესტის მონაწილე ენი ჩერქეზიშვილი.

პროტესტის მონაწილეები თსუს  რექტორის, ჯაბა სამუშიას, გადადგომასა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ახალგაზრდები ამბობენ, რომ პროტესტს განგრძობითი ხასიათი ექნება მანამ, სანამ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.

„გვინდოდა შეგვექმნა აპარტიული სივრცე, რომელიც პარალელურად იმუშავებდა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც 26 ოქტომბერს მოხდა. ვეცადეთ, რომ სტუდენტური და ახალგაზრდული სივრცე შეგვექმნა და ის ადამიანები, რომლებსაც კომპლექსი აქვთ პარტიებთან აფილირების, ისინი ჩვენთან ერთად გააპროტესტებენ წართმეულ არჩევნებს“, – განაცხადა მოძრაობა „ნების“ წევრმა  ცოტნე ღურცკაიამ.

დღეს, 22 ნოემბერს, უნივერსიტეტის ეზოში იმართება საჯარო ლექციები, რომლებსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, მოხალისე ლექტორები კითხულობენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში პროტესტის ნიშნად 21 ნოემბერს კარვებიც გაშალეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend