მთავარისაქართველოსასამართლომ ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი პატიმრობაში დატოვა

2024 წლის 14 მაისს ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პარლამენტის შესასვლელთან დაკავებულები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მათ რკინის ჯებირის დაზიანება ედებათ ბრალად. ეს გადაწყვეტილება დღეს, 22 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია გუდაძემ მიიღო.

დაცვის მხარე ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. თუმცა ბრალდების მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ განაცხადა, არსებობს ბრალდებულთა მიმალვის საფრთხე.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სავარაუდო სასჯელი ჩადენილი დანაშაულის არაპროპორციულია, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ზიანი, 400 ლარი, უკვე ანაზღაურებულია. ადვოკატები ეჭვობენ, რომ სასამართლო პროცესები მიზანმიმართულად ჭიანურდება. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ სასამართლო სხდომები იანვრამდე გაგრძელდება. სწორედ იმ დრომდე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება და პატიმრობის შემთხვევაში ის რკინის ჯებირების დაზიანებისთვის მსჯავრდადებულთა შეწყალებას ვეღარ შეძლებს.

სამსაათიან სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ ბრალდებულთა ოჯახის წევრებიც. სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ სამოქალაქო აქტივისტები, დაკავებულთა მეგობრები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც შეიკრიბნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულია.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზიანი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა, 400 ლარია, საიდანაც 250 ლარი მხოლოდ ჯებირის საფასური, 150 კი მისი აღდგენისთვის საჭირო თანხაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend