საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს მოუწოდებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას და არ აღიარონ არც საკანონმდებლო ორგანოს და არც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია.
გიორგი გახარიამ ასევე განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის მხარდამჭერი გზავნილები ისმოდეს.
ყოფილმა პრემიერმა ასევე ისაუბრა ქუჩაში მოქალაქეთა პროტესტის მნიშვნელობაზე იმ დღეს, როდესაც პარლამენტის პირველი სხდომა უნდა ჩატარდეს. ეს თარიღი კი, „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, 25 ნოემბერია.
„დღეს, როდესაც ქვეყანა აშკარად ლეგიტიმაციის კრიზისშია, მაშინ როდესაც საქართველოს თითოეული მოქალაქე თვლის, რომ არჩევნები და ხმა მას მოჰპარეს, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების – ლეგიტიმაციის მიღების. მეორე მხრივ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენს მხარდამჭერს, მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, რომ იმ დღეს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება, ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ამ არჩევნებს არ ვთვლით, არც სამართლიანად და არც დემოკრატიულად. შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ მანამ, სანამ არ ჩატარდება სრულფასოვანი, დამოუკიდებელი, ნეიტრალური გამოძიება და ყველა ლეგიტიმურ კითხვას, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრულფასოვანი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, რომელიც 16 ნოემბერს გამოქვეყნდა, გიორგი გახარიას გუნდმა საარჩევნო ბარიერი გადალახა და პარლამენტში 12 მანდატით მოხვდა. ამის მიუხედავად, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არჩევნების ლეგიტიმაციას არ აღიარებს და მანდატებზე უარს ამბობს.