მთავარისაქართველოგენდერული სტერეოტიპები და ოცნება მარტო ცხოვრებაზე

გენდერული სტერეოტიპები და ოცნება მარტო ცხოვრებაზე

მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება ბევრ ახალგაზრდას სურს, მაგრამ საცხოვრებლად მარტო გადასვლა დიდი გამოწვევაა და სანამ ამ ნაბიჯს გადადგამ, ბევრი დაბრკოლება უნდა გადალახო. დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყების გზაზე მთავარ ბარიერად ბევრი ახალგაზრდა ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს. თუმცა არსებობს სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც – მაგალითად, ოჯახის წინააღმდეგობა და ამ თვალსაზრისით გოგონებისა და ბიჭებისთვის რეალობა მნიშვნელოვნად განსხვავებულია. გენდერული პრობლემების ექსპერტის, იდა ბახტურიძის განმარტებით, ბიჭების შემთხვევაში მშობლები შიშობენ, რომ მათი შვილები ვერ შეძლებენ, შეასრულონ ის საშინაო საქმეები, რომლებიც ძირითადად ქალების მოვალეობად აღიქმება. თუმცა, როცა საქმე გოგონებს ეხება, მშობლების მთავარი პრობლემა მათზე კონტროლის დაკარგვის შიშია.

„ალბათ, არც ბიჭებისთვისაა მარტივი, ოჯახებს აუხსნან, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება უნდათ. ვიცი და მსმენია, რომ მათაც აქვთ ხოლმე გარკვეული წინააღმდეგობები, მაგრამ ამ წინააღმდეგობებს შორის ბიჭისა და გოგოს შემთხვევაში მნიშვნელოვანი განსხვავებებია. ბიჭის შემთხვევაში შიში უკავშირდება იმას, რომ თავს კარგად ვერ მოუვლის, სადილს ვერ მოიმზადებს, ვერ დაალაგებს, ან ჰიგიენას ვერ დაიცავს. გოგოს შემთხვევაში კი, მთავარი კონტროლის ნაწილია: როცა მშობლები თვლიან, რომ ახალგაზრდა ქალი ჯერ მშობლების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს და შემდგომ, დაოჯახების შემთხვევაში, ეს უნდა გადაულოცონ იმ ოჯახს ან ადამიანს, რომელშიც ან რომელთანაც გოგო გადაინაცვლებს“, – ამბობს იდა ბახტურიძე.

მარიამ კუპრავა 22 წლისაა. სულ მალე იგი საცხოვრებლად მარტო გადასვლას გეგმავს. მისი აზრით, მარტო ცხოვრება დამოუკიდებლობისა და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. მარიამი ამბობს, რომ მას გაუმართლა და ოჯახი მხარს უჭერს.

„არ მინდა ოჯახზე ვიყო დამოკიდებული, მით უმეტეს, როცა უკვე მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარ თავსა და ცხოვრებას თავად მივხედო. ძალიან გამიმართლა, რომ ოჯახი ამ ყველაფერში გვერდში მიდგას… ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრ გოგოს, არ აქვს იმის საშუალება, რომ თუნდაც, ოჯახის, ან ფინანსური მხარდაჭერის გამო მარტო საცხოვრებლად გადავიდეს. ბევრს ოჯახი, არც მორალურად და არც ფინანსურად, გვერდში არ უდგას და ამ შემთხვევაში ისინი ძალიან ბევრ სირთულეს ეჭიდებიან“, – ამბობს მარიამ კუპრავა.

მარიამიც და ექსპერტიც ერთნაირად თვლიან, რომ უმთავრესი პრობლემა ასეთ დროს ეკონომიკური პრობლემებიც არის.

„ბიჭმა ფინანსური რესურსებიც უფრო მეტად შეიძლება მოიძიოს, თუკი ცალკე ცხოვრებას მოინდომებს, რადგან შრომის ბაზარიც მეტად მორგებულია მათზე. ზოგიერთი მათგანი მშობლებისგან ფლობს გარკვეულ ქონებას იმისთვის, რომ პირადი ბიზნესი დაიწყონ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთეულ შემთხვევებში ეს ბიჭებისთვისაც დრამატულია, თუმცა ჩვენ ახლა ზოგად სურათზე ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულებები არსებობს და რა სტერეოტიპები ამყარებს იმას, რომ ქალებისა და გოგოებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრება უფრო რთულდება“, – ამბობს იდა ბახტურიძე.

გოგონების დიდი ნაწილისთვის მარტო ცხოვრება ჯერ კიდევ ოცნების სფეროა. ვითარება განსხვავდება რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის, რადგან ობიექტური პირობების გამო მათ  მარტო ცხოვრება მაინც უწევთ. აი, ქალაქში კი, მაგალითად, გვერდით კორპუსში ცალკე მცხოვრები შვილი ბევრი მშობლისათვის საზოგადოებრივი გაკიცხვის საბაბია.

და მაინც, ახალგაზრდებს მარტო ცხოვრება უნდათ… ამაზე გულში თუ ხმამაღლა ყველა ოცნებობს. და ოცნებობს ბევრი მიზეზის გამო:

„ყველას უნდა, ჰქონდეს საკუთარ თავზე ყველანაირი პასუხისმგებლობის აღების გამოცდილება. ვფიქრობ, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ეს ყველამ უნდა გამოცადოს. არ არის აუცილებელი სულ მარტო იცხოვრო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სცადო. მეც ვფიქრობ, რომ ახლა არა, მაგრამ ახლო მომავალში მარტო ცხოვრებაზე უარს არ ვიტყოდი“.

„ჩვენი განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა, რომ დამოუკიდებლად რაღაც გვქონდეს… იმისთვის, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება ვისწავლოთ და ჩვენს საქციელზე პასუხისმგებლობა ავიღოთ“, – ამბობენ გოგონები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend