მთავარიმსოფლიოევროპაევროპარლამენტში ევროკომისრების მოსმენის პროცესი დასრულდა

ევროპარლამენტში ევროკომისრების მოსმენის პროცესი დასრულდა

ევროპარლამენტის ცენტრისტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ისინი ევროკომისრების თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურებს მხარს დაუჭერენ. ევროკომისრების მოსმენის პროცესი 4 ნოემბერს დაიწყო და რამდენიმე კვირას გაგრძელდა. კანდიდატებს სხვადასხვა კომიტეტისა და პოლიტიკური ჯგუფის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა და საკითხზე დისკუსიის გამართვა უწევდათ. კომისრებს საკუთარი პროგრამის პრეზენტაციისთვის 15 წუთი ჰქონდათ.

ცხარე კამათის საგანი გახდა უნგრეთის, იტალიისა და ესპანეთის მიერ წარდგენილი მემარჯვენე კანდიდატურები, რომლებიც უკანონო მიგრაციის დიდი მოწინააღმდეგეები არიან. უნგრელი ოლივერ ვარჰეი მოქმედი კომისარია, რომელსაც მეორე ვადით დარჩენა სურს. იტალიელი რაფაელ ფიტო მემარჯვენე პოლიტიკოსია და ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზეა წარდგენილი.

„ევროპის სახალხო პარტია,” „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ და პარტია „განაახლე ევროპა“ შეთანხმდნენ, მხარი დაუჭირონ მემარჯვენე კანდიდატურებს: იტალიელ რაფაელ ფიტოს, უნგრელ ოლივერ ვარჰეისა და ესპანელ ტერეზა რიბერას. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა ოცდაშვიდივე ევროკომისარი ევროპარლამენტისგან დამტკიცებას ელოდება. სხდომა 27 ნოემბერს ქალაქ სტრასბურგში გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტი დაამტკიცებს ევროკომისრების ჯგუფს, ისინი უფლებამოსილებას პირველი დეკემბრიდან მიიღებენ.

ფაქტი უკვე გააპროტესტეს მემარცხენე, სოციალისტურმა პარტიებმა, რომლებსაც კანდიდატურები არ ჰყავთ და ტრადიციულად ყველაზე კრიტიკული არიან წარდგენილი პირების მიმართ. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ცენტრისტული პარტიების ეს გარიგება პროცედურების უხეში დარღვევაა და ახალი კოალიცია ევროკავშირს დაანგრევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend