მუქარისა და ბირთვული შანტაჟის შემდეგ, რუსეთმა უკვე დასავლეთთან პაექრობა რაკეტების სპეციფიკაციებით დაიწყო…
მოსკოვი ცდილობს, მისი რაკეტები მეტად საშიში გამოჩნდეს, ვიდრე უკრაინისთვის მიწოდებული დასავლური შეიარაღებაა. გარდა იმისა, რომ რუსული პროპაგანდა აქტიურად ცდილობს ამერიკული წარმოების ATACMS-ს რეპუტაცია შეულახოს, ახლა უკვე მოსკოვი თავის ფსონებსაც ჩამოდის და მსოფლიო ანახებს, რომ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენებაც შეუძლია.
კიევის ცნობით, რუსეთმა უკრაინულ სამიზნეებს რაკეტა „რუბეჟით“ შეუტია. თუმცა, დღეს ამ მძლავრ იარაღს უფრო დიპლომატიური შანტაჟის დატვირთვა აქვს, ვიდრე სამხედრო მიზნები.
მანამდე იყო დასავლეთისა და უკრაინის ერთობლივი ნაბიჯები. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, კიევმა ამერიკისგან თანხმობა მიიღო, რუსეთის ტერიტორიებზე არსებულ სამიზნეებზე დასავლური, შორ მანძილზე მოქმედი იარაღი გამოეყენებინა.
პუტინმაც არ დააყოვნა. ისე მოიქცა, როგორც სჩვევია ხოლმე. დოკუმენტების ენით დაემუქრა დასავლეთს და ფაქტობრივად, ახალი დოქტრინის დამტკიცებით საკუთარ თავს უფლება მისცა, რომ სხვა ქვეყნის თავდასხმებს ბირთვული პასუხი გასცეს. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტისთვის ჩვეულმა ხრიკმა შედეგი ვერ გამოიღო და უკრაინამ რუსეთის სიღრმეებში დასავლური იარაღი მაინც გამოიყენა.
19 ნოემბერს მოსკოვში განაცხადეს, რომ რუსულმა მიწამ პირველად იგრძნო ამერიკული ATACMS-ის ეფექტი. კიევმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში 6 ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი გაისროლა. შემდეგ უკვე ეს ამბავი დაადასტურეს დასავლურმა წყაროებმაც, მაგრამ კიევში ამაზე ჯერ არაფერს ამბობენ.
„ტაიმსის“ ცნობით, უკრაინის არმიას ამ ეტაპზე ATACMS-ის 50 რაკეტა უნდა ჰქონდეს. ეს ის იარაღია, რომელიც აქამდე ხელუხლებლად ეწყო, ვინაიდან ამერიკა და დასავლეთი კიევს მისი გამოყენების უფლებას არ აძლევდნენ. ATACMS-ის ეფექტს მოჰყვა Storm Shadow-ც… ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ სავარაუდოდ, პირველად გამოიყენა ბრიტანული წარმოების შორ მანძილზე ფრენის საკრუიზო რაკეტა სახელწოდებით – Storm Shadow რუსეთის სიღრმეში…
„რუბეჟის“ გამოყენება დიპლომატიური შეტევა იყო, თუმცა მოსკოვი ამ ომის 1000 დღის განმავლობაში, არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა კიევის მიმართ ნაკლებად სასტიკი… ბოლო 24 საათს რომ გადავავლოთ თვალი, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ასტრახანის ოლქიდან უკრაინის მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, ტამბოვის ოლქიდან აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი“, ხოლო ვოლგოგრადის ოლქიდან, შვიდი ფრთოსანი რაკეტა Х-101.
ომი გრძელდება, როგორც ციდან, ზღვიდან, ხმელეთიდან და კიბერსივრციდან, ასევე დიპლომატიური ნაბიჯებითაც… რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს კვლავ ღიად იმუქრება დასავლეთის ლიდერებს ურჩევს პუტინის მიერ რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილი დოქტრინა და მასში შემავალი ბირთვული პასუხის პუნქტები გადაიკითხონ…
ამასობაში კი მსოფლიო ელოდება, თუ რას იზამს ამერიკის ახალი პრეზიდენტი და შეძლებს თუ არა ის პუტინის დოქტრინის გაუვნებლებას, დიპლომატიური შანტაჟის მიზნით ნასროლი რაკეტების შეჩერებასა და საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვას. პროგნოზები ამ საკითხზე არაერთგვაროვანია, თუმცა ფაქტი კი ის არის, რომ კონტინენტზე მშვიდობის უზრუნველსაყოფად შექმნილმა ევროკავშირმაც კი დაიწყო საერთო თავდაცვის ბიუჯეტზე და სამხედრო წარმოებაზე ზრუნვა.
სოფო მაქაცარია
ევრონიუს ჯორჯია