მთავარისაქართველოთსუს მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტი გრძელდება - დემონსტრანტები კვლავ ღამეს ათენებენ

თსუს მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტი გრძელდება – დემონსტრანტები კვლავ ღამეს ათენებენ

19 ნოემბერს დილით, აქციის დაშლის მიუხედავად, ოპოზიცია არ ცვლის სამოქმედო გეგმას, გააგრძელოს „წინააღმდეგობის მოძრაობა“ და ქუჩის უწყვეტი პროტესტი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მოქალაქეები არჩევნების შედეგებს ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებენ.

დემონსტრანტებს დაკავებული აქვთ ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების, ასევე კეკელიძის ქუჩისა და ვარაზისხევის ნაწილი. ოპოზიციური კოალიციების ლიდერებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ თსუს მიმდებარე ტერიტორიაზე ღამის გათენებას გეგმავენ, მხარდამჭერებს კი ადგილზე მობილიზებისკენ მოუწოდეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქციაზე შეკრებილ მოქალაქეთა განცხადებით, მთავარი მიზნის მიღწევამდე მნიშვნელოვანია ერთიანობა და საპროტესტო მუხტის შენარჩუნება. მიზანი კი, მათივე თქმით, „სამართლიან გარემოში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა“.

„როგორც დღეს დაიხიეს უკან, ასე მოუწევთ უკან დახევა და ხელის აღება იმ სპეცოპერაციისგან, რომელსაც არჩევნებს უწოდებენ. მივმართავ ხელისუფლებას, რაც მალე გაიგებთ ხალხის ხმას, მით ნაკლები იქნება თქვენ მიმართ ხალხის რისხვა. მოისმინეთ ხალხის ხმა, ცრუ საუბარს თავი დაანებეთ პარლამენტის შეკრებასთან დაკავშირებით, დავიწყოთ მზადება ახალი არჩევნებისთვის ახალი მენეჯმენტით და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დღეს აქ ვრჩებით, არსად მივდივართ, აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს“, – განაცხადა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

19 ნოემბერს მომიტინგეთა დაშლის მიუხედავად, ამავე დღის საღამოს საპროტესტო აქციას უფრო მეტი მოქალაქე შეუერთდა. ადგილზე კვლავ გაიშალა რამდენიმე კარავი. ოპოზიციის განცხადებით, მათი ინვენტარის დიდი ნაწილი აქციის დაშლისას დააზიანეს, ნაწილი კი „გაიტაცეს“. ამის მიუხედავად, ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უზრუნველყოფდნენ აქციის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვასა და შეკრებილებს საინფორმაციო განცხადებებით თითქმის საათში ერთხელ მიმართავდნენ.

სამართალდამცველებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე თითქმის 34-საათიანი უწყვეტი საპროტესტო აქცია 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე დაშალეს. შსს-ის განმარტებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით „დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა“.

მოქალაქეთა დასაშლელად მობილიზებული იყვნენ სპეციალური დანიშნულების რაზმები. ადგილზე ასევე განლაგებული იყო სპეციალური ტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები, თუმცა სპეცდანიშნულების რაზმს ისინი არ გამოუყენებია. საპოლიციო ღონისძიებების შემდეგ მომიტინგეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. პოლიციამ ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა. პროტესტი კი მთელი დღის განმავლობაში მელიქიშვილის გამზირზე გაგრძელდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend