ევროკავშირი საქართველოში ტექნიკურ მისიას გზავნის. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი განმარტავს, რომ „არავის შეუძლია, უკეთესად აღწეროს ის, რაც ადგილზე მოხდა”.
„საქართველოში გასულ თვეს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა ამჟამინდელი მთავრობის პირობებში.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველო ევროკავშირის გზას ჩამოაცილეს. მათ უგულებელყვეს ქართველი ხალხის მისწრაფებები და მთავარი მიზანი – გამხდარიყო საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ყველას ერთი და იგივე რამ გვინდა – დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე.
ეს ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ საქართველოში მისიას გავაგზავნით, განვიხილავთ დარღვევებს. არჩევნები უნდა იყოს გამოძიებული. მთავრობამ გადამწყვეტი ცვლილებები ქმედებებით უნდა განახორციელოს. საქართველო ვერ წაიწევს წინ ევროკავშირთან ურთიერთობაში კონკრეტული ქმედებების გარეშე.
🔴 Follow live: press conference by HR/VP @JosepBorrellF following today’s Foreign Affairs Council meeting. https://t.co/ewVhy79Cwv
— European External Action Service – EEAS 🇪🇺 (@eu_eeas) November 18, 2024
ჩვენ მოვიწვევთ საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რომელიც წევრ სახელმწიფოებს საარჩევნო დარღვევების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. მოვიწვევთ ასევე საბჭოს სხდომას, რათა წევრმა სახელმწიფოებმა იცოდნენ, რაზე ვსაუბრობთ.
ქართველ ხალხს მინდა გავუმეორო ის, რაც გასულ წელს საქართველოში ვიზიტისას ვთქვი: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია დარჩება, თუმცა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და საარჩევნო დარღვევების საკითხში ქვეყანას ევროინტეგრაციას აშორებს.
როგორც აღვნიშნე, ჩვენ ვაპირებთ პოლიტიკური მისიის საქართველოში გაგზავნას, რათა დიდი სიფრთხილით შევისწავლოთ, რა მოხდა. ჩვენ ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის გათვალისწინებული ფინანსური დახმარება შევაჩერეთ. აგრეთვე, შევაჩერეთ დაახლოებით 120 მილიონი ევროს დახმარება, რომელიც პირდაპირ საქართველოს მთავრობას უნდა გადასცემოდა. ნაცვლად ამისა, ეს თანხა მოხმარდება იმ პროგრამებს, რომლებიც უშუალოდ სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხს მოუტანს სარგებელს. ჩვენ ყველა გამოვლენილ დარღვევას შევისწავლით. მოვიწვევთ საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რომ აგვიხსნას, თუ რა მოხდა.
ეს არის ტექნიკური მისია და მისი მიზანია იმის გაანალიზება, თუ რა ხდება ამ სადავო არჩევნებთან დაკავშირებით. ის სადავოდ ჩათვალა თავად პრეზიდენტმა. აშკარაა, რომ არჩევნების შედეგმა დიდი შეშფოთება გამოიწვია ევროპაში უკუსვლის გამო. მდგომარეობა ადგილზე უნდა შევისწავლოთ. სწორედ ეს არის ტექნიკური მისიების არსი. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოწვეულია. არავის შეუძლია, უკეთესად აღწეროს ის, რაც ადგილზე მოხდა და სწორედ ამიტომ გვაქვს ეს შეჩერების ღონისძიებები. შევაჩერეთ დახმარება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სფეროში. ჩვენ გამოვიკვლევთ მდგომარეობას, გადავხედავთ ყველა განცხადებას და ვნახავთ, თუ რა მოხდა ამ სადავო არჩევნებზე. მეტის თქმა არ შემიძლია. ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები უნდა იყოს დაკმაყოფილებული და ჩვენ უნდა მოვფინოთ ნათელი ყველა გარემოებას, რომელმაც იმოქმედა ამ არჩევნებზე, მაგრამ ვერ შევძლებ მისიის შედეგის წინასწარ განჭვრეტას“, – ამბობს ჯოზეფ ბორელი.