მთავარიევროპაუკრაინაევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა განიხილეს

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა განიხილეს

„ევროპელები ვერ იქნებიან რეაქტიულ რეჟიმში, ვერ დაელოდებიან, თუ რას გააკეთებს ამერიკა. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უნდა გაგრძელდეს“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 1000 დღის თავზე ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას განიხილავენ. 

„ევროპელები ვერ იქნებიან რეაქტიულ რეჟიმში. ისინი ვერ დასხდებიან და დაელოდებიან ამერიკელების ნაბიჯებს და შემდეგ ვერ იმოქმედებენ. ჩვენ ვერ დაველოდებით ტრამპის გადაწყვეტილებას. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უნდა გაგრძელდეს. არ ვიცით, რა მოხდება, მაგრამ ამ დროისთვის, დღეს, ხვალ და ზეგ, ხალხი იბრძვის და ბრძოლის ველზე იღუპება. ისინი არ სპეკულირებენ. საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ. ამიტომ ის, რაც ჩვენ უნდა ვაკეთოთ, მათი მხარდაჭერის გაგრძელებაა. შემდეგ ვნახავთ რა მოხდება“, – ამბობს ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში.

ბრიუსელში გამართულ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას ესწრება ნატოს გენერალური მდივანიც. როგორც მარკ რუტე აცხადებს, ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთისა და ირანის მიერ რუსეთის მხარდაჭერის ფონზე საჭიროა, უკრაინის დახმარება გაძლიერდეს.

„დღეს 1 000 დღე სრულდება რუსეთის არაპროვოცირებული სრულმასშტაბიანი თავდასხმიდან უკრაინაზე. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას გამარჯვებაში. ეს ნიშნავს მეტ დახმარებას, მეტ ფულს, რომელიც უკრაინისთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ, განსაკუთრებით ახლა, როცა ბორტზე ჩრდილოეთკორეელებიც ამოვიდნენ. ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთი რუსეთს ეხმარება. ვიცით ისიც, რომ რუსეთს ომში ირანიც უჭერს მხარს. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, პუტინმა ამისთვის, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში სარაკეტო ტექნოლოგიის შეტანით უნდა გადაიხადოს, რაც პირდაპირი საფრთხეა. ეს პირდაპირი საფრთხეა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სამხრეთ კორეისთვის, იაპონიისა და თუნდაც, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, – ამბობს მარკ რუტე, ნატოს გენერალური მდივანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend