ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდა, უყურადღებოდ არ დატოვონ 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი. მან კონკრეტულ პირთა ჯგუფი სოციალურ მედიაში ბულინგის კამპანიის წამოწყებაში დაადანაშაულა და დაუშვებლად მიიჩნია ცესკოს თავმჯდომარის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციების ჩატარება.
გიორგი შარაბიძის შეფასებით, ასეთი ნაბიჯი სცდება პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებსა და ეთიკის საზღვრებს და პირად სივრცეში შეჭრის აშკარა მცდელობაა.
„იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო პარტნიორები უყურადღებოდ არ დატოვებენ მომხდარს, ამასთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციებს ასახავენ საბოლოო ანგარიშებში და არ დაუშვებენ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობაში ჩარევის იმგვარი სტანდარტის შექმნის მცდელობას, როგორსაც ახლა ვხედავთ საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვადასხვა ჩართული მხარის მიერ ეს შესაძლოა იყოს აღქმული როგორც დასაშვები ქმედება, რაც თავის მხრივ ნეგატიურ, საზიანო და ხანგრძლივ გავლენას იქონიებს საარჩევნო კომისიების დამოუკიდებლობასა და ფუნქციონირებაზე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესზე. სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, შეაფასონ მომხდარი ფაქტი და ღიად განაცხადონ რამდენად ჯდება ის პროტესტის გამოხატვის საერთაშორისო, ევროპულ სტანდარტებში. აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებს, სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრატორების დამოუკიდებლობის დასაცავად და უსაფრთხო და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბრის სხდომაზე, შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე, ცესკოს ოპოზიციონერმა წევრმა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობიდან“, დავით კირთაძემ, საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.
საქმეზე გამოძიება პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 16 ნოემბრის საღამოს, შატბერაშვილის ქუჩაზე ცესკოს თავმჯდომარის საცხოვრებელ სახლთან, მოქალაქეთა ნაწილი შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა.