მთავარისაქართველო„დაიბრუნე ხმა“ - ოპოზიციისა და მოქალაქეების „წინააღმდეგობის მოძრაობა“ გრძელდება

„დაიბრუნე ხმა“ – ოპოზიციისა და მოქალაქეების „წინააღმდეგობის მოძრაობა“ გრძელდება

საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს მოქალაქეები უნდობლობას უცხადებენ და უწყვეტ პროტესტს განაგრძობენ. ოპოზიციური კოალიციების მიერ 17 ნოემბერს გამოცხადებული „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ცენტრი კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაა. ოპოზიციასა და მათ მხარდამჭერებს კვლავ აქვთ გადაკეტილი ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების, ასევე ვარაზისხევისა და კეკელიძის ქუჩის კვეთა.

აქციის მონაწილეებისთვის სამოქმედო გეგმის მომდევნო ნაბიჯების გაცნობამდე, ოპოზიციონერ ლიდერთა ნაწილი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. დახურულ კარს მიღმა სალომე ზურაბიშვილს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოსა“ და კოალიცია „ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. კონსულტაციებს არ ესწრებოდნენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები. შეხვედრიდან გამოსულმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტთან მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართა და მას გააცნეს ე.წ. „სახალხო პარლამენტის“ იდეა, რომლის სახელწოდებაც, პოლიტიკოსების თქმით, პირობითია.

ორბელიანების სასახლიდან ოპოზიციის ლიდერები კვლავ თსუს პირველ კორპუსთან მყოფი აქციის მონაწილეებთან მივიდნენ. კოალიციების წარმომადგენლებმა შეკრებილებს განუცხადეს, რომ ქუჩის პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და ჭავჭავაძის გამზირის ბლოკირებას მომდევნო საათების განმავლობაშიც განაგრძობენ. ლიდერების შეფასებით, მნიშვნელოვანია, „წინააღმდეგობის მოძრაობამ“ მთელი ქალაქი და ქვეყანა მოიცვას.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი გადასარჩენი. ჩვენ თავებს არ ვითვლით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრნი. ჩვენ არ ვართ ვაკე-საბურთალოს პროტესტი, ჩვენ არც მხოლოდ თბილისის პროტესტი ვართ, ჩვენ ვართ მთელი საქართველოს პროტესტი და არამხოლოდ დღევანდელი თაობების, ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი მომავალი თაობების პროტესტი. ამიტომ მოვიდეთ, შევიკრიბოთ, გავიშალოთ და მთელი ქალაქის ტერიტორიაზე ვაჩვენოთ „ქართულ ოცნებას“, რომ არ იქნება გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებული პარლამენტი აღიარებული. არ იქნება აღიარებული არა მხოლოდ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ, არამედ ქართველი ხალხის, თუნდაც, თბილისის მიერ“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

ოპოზიციონერი ლიდერების მოწოდებას იზიარებენ პროტესტის სხვა მონაწილეებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ „წინააღმდეგობის მოძრაობა” ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე უნდა გაგრძელდეს. მოქალაქეების განცხადებით, ისინი დაშლას არ აპირებენ.

სპეციალური მიმართვა გაავრცელეს თსუს მეორე კორპუსის მიმდებარედ შეკრებილმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმაც. მათ განაცხადეს, რომ უერთდებიან პროტესტის ძირითად კერას და არ აპირებენ აუდიტორიებში დაბრუნებას, აკადემიურ პერსონალს კი მოუწოდეს, ლექცია-სემინარები ქუჩაში ჩაატარონ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20

ომის 1000 დღე

spot_imgspot_img
Send this to a friend