ბრატისლავაში ათასობით მომიტინგე პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს პოლიტიკის წინააღმდეგ შეიკრიბა.
აქცია დაემთხვა სლოვაკეთის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავს. წლების წინ რევოლუციის შედეგად დასრულდა კომუნისტური მმართველობა ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში.
პროტესტს შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც თვლიან, რომ ფიცო საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.
,,თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად ჩვენ უნდა შევახსენოთ თავი ყველას. ამიტომ მიხარია, რომ დღეს ხალხმა გაიხსენა ეს ღირებულებები, რადგან დღეს რაც ხდება, ეს არ არის თავისუფლება, დემოკრატია. მედიის თავისუფლებასაც საფრთხე ემუქრება. ჩვენ მზად ვართ ამ ღირებულებების დასაცავად“, – განაცხადა პროგრესული სლოვაკეთის პარტიის თავმჯდომარემ მიხალ შიმეჩკამ.
Slovensko je – a bude – krajinou slobodných ľudí! A slobodní ľudia nebudú ticho! ✌🏻 pic.twitter.com/yDihbPCET0
— Michal Šimečka (@MSimecka) November 17, 2024
ფიცო ხელისუფლებაში გასულ წელს მოვიდა. მისმა მთავრობამ შეიმუშავა გეგმა საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადახედვის შესახებ, რაც, კრიტიკოსების თქმით, მთავრობას მისცემს სრულ კონტროლს საზოგადოებრივ ტელევიზიასა და რადიოზე.
ოპონენტები შიშობენ, რომ ფიცოს სლოვაკეთი უფრო ავტოკრატიისკენ მიჰყავს.
ფიცომ შეაჩერა ქვეყნის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. იგი ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და ამბობს, რომ დაბლოკავს უკრაინის ნატოში გაწევრებას.
სლოვაკეთში ხავერდოვანი რევოლუცია 1989 წლის 17 ნოემბერს დაიწყო და 28 -ში დასრულდა. ოთხმოციანი წლების ბოლოს რამდენიმე ანტიკომუნისტური მოძრაობის გაერთიანებამ აღმოსავლეთ ევროპაში სლოვაკეთის 41-წლიანი ერთპარტიული მმართველობა დაასრულა.