ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი უკვე გამოაქვეყნა.
ცესკოს წევრების ნაწილმა დოკუმენტს დღევანდელ, 16 ნოემბრის სხდომაზე მოაწერეს ხელი. ოქმს არ დაეთანხმნენ და შესაბამისად, ხელი არ მოაწერეს ცესკოში ოპოზიციის მიერ დანიშნულმა წევრებმა. მათი ნაწილი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს, მას შემდეგ, რაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ცესკოში ენმ-ის მიერ დანიშნულ წევრს, დავით კირთაძესა და ცესკოს თავმჯდომარეს შორის.
დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს სხდომის დაწყებისას სახეში მუქი შეფერილობის სითხე შეასხა, რასაც დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება და სხდომის დროებით შეჩერება მოჰყვა.
ცესკოში ოპოზიციის მიერ დანიშნულ წევრების ნაწილმა კი არჩევნების შემაჯამებელი სხდომა ოქმის დამტკიცებამდე დატოვა. ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე გაკეთდა განცხადებები არჩევნების შედეგებისა და საარჩევნო პროცედურების შესახებ. ოპოზიციონერი წევრები აცხადებდნენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის სრულფასოვნად ორგანიზება ვერ შეძლო. ისინი მიიჩნევენ, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, არ ასახავს ამომრჩეველთა ნებას. რაც შეეხება ცესკოს ხელმძღვანელი პირების მოსაზრებებს – მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ პროცესი ყველა სტანდარტის დაცვით იყო ორგანიზებული.
ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა, მისმა მოადგილე, გიორგი შარაბიძემ და ცესკოს მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა განაცხადეს, რომ ოპოზიციონერ კოლეგები დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებდნენ.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, პოლიტიკური სუბიექტების საბოლოო შედეგები ასე გამოიყურება: კოალიცია “ცვლილებისთვის” – 11.03% კოალიცია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” – 10.17% კოალიცია “ძლიერი საქართველო” – 8.81% პარტია “გახარია საქართველოსთვის” – 7.78% პარტია “ქართული ოცნება” – 53.93% შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო – 3 508 234 ამომრჩეველი, მათგან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო – 2 111 834-მა მოქალაქემ.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, კენჭისყრის შემდეგ გაბათილდა 34 974 ბიულეტენი.