13 ნოემბერს, დღის 12 საათიდან ქალები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მივიდნენ, თუმცა ცესკოს ეზოში შესვლა პროტესტის მონაწილეთა მხოლოდ ნაწილმა შეძლო. შესასვლელები რკინის ჯებირებით ჩაიკეტა და მის მიღმა არაერთი დემონსტრანტი დარჩა.
„უკვე ერთი საათია მოსული ვარ. ყველა მხრიდან ჩაკეტეს კარები. წრე დავარტყი. არსაიდან შესასვლელი არ არის. თითქოს ვიღაცის საკუთრებაა… ვდგავარ და ყოველთვის ვიდგები იმისთვის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და ჩვენი ხმები დავიბრუნოთ“, – განაცხადა შორენა ჭიღლაძემ, აქციის მონაწილემ.
მოგვიანებით, ჩაკეტილი შესასვლელი გაიხსნა. მათ, ვინც ხელისუფლებასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების გაყალბებასა და მოქალაქეთა ხმების მოპარვაში ადანაშაულებს, ცესკოს ეზოში შესვლის უფლება მიეცათ.
აქციის მონაწილეებს სურდათ, ცესკოსთვის ინდივიდუალური საჩივრებით მიემართათ, თუმცა სამართალდამცავებმა, რომელთაც შენობის შესასვლელი ბლოკირებული ჰქონდათ, ქალები შენობაში არ შეუშვეს.
„მოვიდოდით ცესკოს შენობასთან. შევავსებდით განაცხადს თუ რომელ უბანზე რა დარღვევა ვნახეთ თითოეულმა ჩვენგანმა და მშვიდობიანად შევიტანდით ამ განცხადებას ცესკოს შენობაში. გუშინ პირადად მოვედი აქ კოლეგასთან ერთად. რომ არ დაგვერღვია კანონი, ვიკითხეთ, რა პერიმეტრზე, რა ტერიტორიაზე შეგვეძლო აქციის ჩატარება. მივიღეთ პასუხი, მაგრამ დღეს, როგორც ნახეთ, პოლიციის კორდონი, ქალებს სპეცოპერაცია მოგვიწყვეს. და მშვიდობიანი აქცია გაბრაზებული ქალების აქციაში გადაიზარდა“, – განაცხადა თათია მექვაბიშვილმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
საარჩევნო ადმინისტრაციის ეზოდან აქციამ აღმაშენებლის ხეივანზე გადაინაცვლა. მსვლელობისას პროტესტის მონაწილეები და სამართალდამცავები ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ.
აქციის ორგანიზატორებმა მსვლელობისას გამოაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ცესკო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს, ქალები მასშტაბური საპროტესტო მარშით საკუთარ პროტესტს კიდევ ერთხელ გამოხატავენ.