მთავარისაქართველო„ევოლუშენ ჯორჯიაში” გაფიცვა გრძელდება

„ევოლუშენ ჯორჯიაში” გაფიცვა გრძელდება

„ევოლუშენ ჯორჯიაში“ გაფიცვა გრძელდება. კომპანიის გაფიცული თანამშრომლების ნაწილი დღეს, 12 ნოემბერს, კიდევ ერთხელ შეიკრიბა იმისთვის, რომ გაფიცვის დაწყებიდან ოთხი თვის თავზე საზოგადოებას საკუთარი პროტესტი შეახსენოს.

შრომის უფლებების დაცვის მოთხოვნით, გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი პროტესტი პირობების შესრულებამდე გაგრძელდება. ისინი ხელფასის მატებას, სანიტარული უსაფრთხოების ნორმების დაცვას, გაფიცულთათვის გარანტიებსა და პროფკავშირთან თანამშრომლობას ითხოვენ.

„ევოლუშენ ჯორჯიაში“ გაფიცვა 12 ივლისს დაიწყო. 12 აგვისტოდან რამდენიმე გაფიცულმა თანამშრომელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა.

კომპანიამ თანამშრომელთა გაფიცვისა და მათი შრომის უფლებების შესახებ განცხადება ბოლოს 1-ელ ოქტომბერს, სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. „ევოლუშენ ჯორჯია“ წერდა, რომ კომპანია გააგრძელებდა მუშაობას დარჩენილი 6500 თანამშრომლისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით. ამავე წერილის მიხედვით, სამომავლო გეგმები მოვლენების განვითარებაზე იქნებოდა დამოკიდებული.

„ევრონიუს ჯორჯიამ“ კომპანია „ევოლუშენს“ მიმართა კითხვით, როგორია კომპანიის გეგმები და ხედვა გაფიცულ თანამშრომლებსა და მათ მიერ დასახელებულ პრობლემებთან დაკავშირებით. კომპანიის პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend