მთავარისაქართველო„მნიშვნელოვანია, ჩვენს ევროპელ მეგობრებს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ…”

„მნიშვნელოვანია, ჩვენს ევროპელ მეგობრებს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ…”

ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით ბრიუსელში ანგარიშს აგზავნის

ოპოზიციის წარმომადგენლები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სავარაუდო გაყალბების მტკიცებულებების შეგროვებას განაგრძობენ და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მათ წარდგენას. მათ მიაჩნიათ, რომ ქუჩის პროტესტის პარალელურად აუცილებელია დიპლომატიურ და სამართლებრივ გზებს მიმართონ.

საქართველოში უცხო სახელმწიფოების 19 საელჩო მოქმედებს. ოპოზიციის ლიდერები აქედან 14 საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ, ამ შეხვედრებიდან 1 კვირაში კი – ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის.

პაველ ჰერჩინსკისთან კონსულტაციები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრას ესწრებოდა 3 ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენელი, იმ ოთხი ოპოზიციური გაერთიანებიდან, რომლებმაც 5%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. ესენი იყვნენ – „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და კოალიცია „ცვლილებისთვის“.

ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე არ იმყოფებდნენ გიორგი გახარიას პარტიის წევრები, თუმცა კონსულტაციიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ბრიუსელში გასაგზავნ ერთობლივ ანგარიშზე ყოფილი პრემიერის გუნდიც მუშაობდა.

„ვფიქრობ, ძალიან კარგად არის ელჩი ინფორმირებული, თუმცა ჩვენ ინფორმაციები მაინც მივაწოდეთ, ეს ინფორმაციები არ ეხებოდა მხოლოდ დარღვევებს, იმიტომ, რომ უკვე ძალიან კარგად არის ცნობილი ყველასთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის, რა ხდებოდა და როგორ. საერთაშორისო გამოძიებაზე ან შეფასების მისიაზე ჩვენი წინადადება ვუთხარით, არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენი რეკომენდაციების მეოთხე პუნქტი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ასე რომ, ევროკავშირს აქვს სრული უფლება, სამართლებრივი და პოლიტიკური წინაპირობაც, რომ შეისწავლოს ეს რეკომენდაცია რამდენად შესრულდა ამ არჩევნებზე, ყველასთვის ცხადია, რომ არ შესრულდა, მაგრამ შესწავლა და კონკრეტული დოკუმენტის დადება იქნებოდა სასარგებლო სრული სურათის გამოსავლენად“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

„მნიშვნელოვანია, ჩვენს ევროპელ მეგობრებს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, რა მტკიცებულებები შევაგროვეთ. ეს დაიწერება. ანგარიში მზად არის, ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გადაეცემა, ელჩ პაველ ჰერჩინსკის, რომ მან ეს ანგარიში ბრიუსელში გადააგზავნოს. 4 კოალიციის ჩართულობით მომზადებული და შეჯერებულია ეს ანგარიში, რომელიც სისტემურ დარღვევებსა და მათ აღწერას მოიცავს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ეგიდით აქ იყოს მოვლენილი მისია, რომელიც პირუთვნელად შეაფასებს ამ დარღვევებს, რომლებიც მოხდა, შეაფასებს პროცესს, რამდენად შეესაბამება იმ ვალდებულებას, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით იყო აღებული“, – ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

„მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოძიება და მიგვაჩნია, რომ ამაში ევროკავშირმა წამყვანი როლი უნდა ითამაშოს, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი ხალხის ძალისხმევით, საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა გახდა. ცივილური სამყარო კარგად ხედავს, რომ ეს არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი არჩევნები. კონკრეტულად რა მექანიზმის გამოყენება მოხდება, ამ ტოტალური საარჩევნო შედეგის მიტაცების ოპერაციის შესასწავლად, ამაზე უახლეს მომავალში შეჯერდებიან ევროკავშირში“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციის ლიდერებისა და დასავლელი დიპლომატების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი შინაარსობრივად მსგავსია. ეს მიმართვები ძირითადად უკავშირდება, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სერიოზულ ეჭვებს პროცესების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. მოთხოვნათა შორის არის ასევე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების საჭიროება.

ამის საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩატარებული არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით არანაირი საფუძვლიანი ეჭვი არ არსებობს, ოპოზიციას კი 2020 წლის სცენარს ახსენებს, როცა ბოიკოტის მიუხედავად ისინი საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევიდნენ.

„სინამდვილეში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები. აიღეთ იგივე მოლდოვის, აშშ-ის არჩევნები. ხარისხობრივად, ქართული არჩევნები ბევრად აღემატებოდა არჩევნებს როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანაში. ჩვენ 2012 წლიდან დავამკვიდრეთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა. ოპოზიცია საკუთარ მხარდამჭერებს უმტკიცებდა, რომ ისინი არჩევნებს იგებდნენ და დღეს თავის მართლება უწევთ. ეს არის თავის მართლების ფორმა. საუბარი არარსებულ გაყალბებაზე არის თავის მართლების ერთგვარი ფორმა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია სამოქმედო გეგმის თაობაზე საუბრობს. ლიდერები ამ გეგმას ამჟამად ასე აყალიბებენ – კანონიერი გზების გამოყენებით ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა და წერტილოვანი პროტესტი ქუჩაში.

ხელისუფლების ოპონენტები ერთმანეთსაც და საკუთარ ამომრჩეველსაც ახსენებენ, რომ დრო ახლა მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, 21 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმები უნდა გამოაქვეყნოს, რის შემდეგაც 10-დღიან ვადაში ახალი მოწვევის პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. საარჩევნო ბარიერგადალახული არც ერთი ოპოზიციური პარტია თუ კოალიცია არ აპირებს არც მანდატების გამოყენებას და არც მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარებას. საქართველოსთვის გაურკვეველი ვადით შეჩერებული ევროპული გზის გასაგრძელებლად, საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობას ოპოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობასაც მოუწოდებს. ევროკავშირიდან კი გზავნილი ქართველი ხალხისთვის ერთია – „ნუ დაკარგავთ იმედს!“

უახლესი

სხვა ამბები

00:03:52

მარკო რუბიო

spot_imgspot_img
Send this to a friend