მთავარისაქართველოთბილისის ქუჩებში ოპოზიციის მორიგი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

თბილისის ქუჩებში ოპოზიციის მორიგი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

ოპოზიციური პარტიები და კოალიციები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს კვლავ არ აღიარებენ და პროტესტს განაგრძობენ. მმართველი გუნდის პოლიტიკური ოპონენტები მოქალაქეებთან ერთად ამჯერად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმდებარედ შეიკრიბნენ, სადაც 5 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილობასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა იყო დაგეგმილი.

პროცესი გადაიდო, თუმცა ოპოზიციონერი ლიდერები სასამართლოს შენობის მიმდებარედ რამდენიმე საათით დარჩნენ და საკუთარი მოთხოვნები იქაც გაახმოვანეს. ადგილზე აქციის დასრულებამდე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება იყო. ვითარებას პირადად აკონტროლებდა თბილისის საპატრულო დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე.

„გუშინ დაემართათ ისეთი რამ, რაც მათ ვერ გათვალეს. თეთრიწყაროში პრაქტიკულად სასამართლომ დაამტკიცა, რომ არჩევნები გაყალბდა, ფარულობა არ იყო დაცული და ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება“, – განაცხადა კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

„კლანი არის პანიკაში, ამიტომ მიაღებინეს გადაწყვეტილება – ყველა მოსამართლეს საქმეები ჩამოართვეს და ერთ საქმედ გაერთიანეს – თბილისშიც და ქუთაისშიც. ეს ხდება იმიტომ, რომ არ დაუშვან მინიმალური შესაძლებლობა იმის, მოხდეს ის, რაც თეთრიწყაროში მოხდა. მისცენ კონკრეტულ კონტროლირებად პალატას, რომ გადაწყვეტილება გამოიტანოს. ჩვენ სწორედ ამას ვაპროტესტებთ. წინააღმდეგობა აუცილებელია.

პროტესტი გაგრძელდება როგორც სასამართლოს შიგნით, ისე მის გარეთ. ყველაფერს გავაკეთებთ საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად. შედეგის მისაღწევად ყველა მშვიდობიან ფორმას გამოვიყენებთ“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა, ისევე როგორც საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან გამარჯვების დასაბრუნებლად აუცილებელია მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული, ძალიან მწყობრი ბრძოლა. ფართომასშტაბიანი აქციები მოეწყობა როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე მოეწყობა წერტილოვანი საპროტესტო აქციები. მოსამართლეებს აუცილებლად უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა, რადგან მათ შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით აღიარონ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, რადგან ფარულობის პრინციპი არ იყო დაცული. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და, შესაბამისად, მოქალაქეები ვერ გამოხატავდნენ საკუთარ ნებას“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ ამ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები, რა თქმა უნდა, ვართ მისი მონაწილეები, რათა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი დავიბრუნოთ. ყველა იმ წინააღმდეგობის მოძრაობაში, რომელთა მიზანია ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება, სანდო არჩევნების ჩატარება, – ჩვენ ვართ ერთიანები და, შესაბამისად, ვიქნებით ამ მშვიდობიან პროტესტში ჩვენს ამომრჩეველთან ერთად“, – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა თეონა აქუბარდიამ.

4 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ხალხმრავალ აქციაზე ოპოზიციონერმა ლიდერებმა საზოგადოებას სამოქმედო გეგმა გააცნეს. მმართველი პარტიის ოპონენტთა თქმით, მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე არავინ აღიაროს 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაცია.

ოპოზიციის გეგმის მთავარი ნაწილი კი ქუჩის პროტესტი და წინააღმდეგობის მოძრაობაა. 5 ნოემბრის საპროტესტო აქცია მსვლელობით სპორტის სასახლესთან დასრულდა. პოლიტიკურმა ლიდერებმა კი მოქალაქეებს 6 ნოემბერს კვლავ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდეს, სადაც უბნების ბათილობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების განხილვა უნდა გაგრძელდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend