წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა რამდენიმე მსხვილ ჯგუფში მომხდარმა ცვლილებებმა განაპირობა.
საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მეტად ფასებმა მოიმატა სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში, სადაც ზრდა 5,8% იყო. კერძოდ, ფასები მომატებულია სადაზღვევო მომსახურებაზე (12,9%), საფინანსო მომსახურებასა (4,5%) და პირადი ჰიგიენის ნივთებზე (1,8%).
7,6%-ით მოიმატა ფასებმა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში. აქედან ფასები გაზრდილია, როგორც ღამის გასათევ მომსახურებაზე (10,4%), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (6,8%).
ფასებმა მოიმატა განათლების სექტორშიც – საშუალოდ, 5%-ით. რაც შეეხება ცალკეულ სეგმენტებს, ყველაზე მეტად გაძვირდა სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (10%), შედარებით ნაკლებად – საშუალო განათლება (5,8%) და უმაღლესი განათლება (2,8%).
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქო ჯგუფში ფასები 3,3%-ით გაიზარდა, საიდანაც ფასის მატების ლომის წილი მოდის ალკოჰოლურ სასმელებზე (5,2%). თამბაქოს ნაწარმზე ფასმა 1,1%-ით მოიმატა.
საქსტატის ინფორმაციით, ეკონომიკის სექტორი, სადაც ფასები შემცირდა და თანაც მნიშვნელოვნად – კავშირგაბმულობაა, აქ წლიურ ჭრილში კლებამ 12,7% შეადგინა.