მთავარისაქართველოცესკოში ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრები არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ

ცესკოში ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრები არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები მოვითხოვთ, ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა სასწრაფო წესით მოიწვიოს კომისიის სხდომა, რომელზეც არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდება და მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას”.

არჩევნებიდან 10 დღის შემდეგ ცესკოში ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრები კენჭისყრის ხელახლა ჩატარებას ითხოვენ. ამ მოთხოვნის მთავარ მიზეზად ცესკოს წევრების ნაწილს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა მოჰყავს.

„ამ 10 დღის განმავლობაში ჩართული მხარეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და რაც მთავარია, საქართველოს ამომრჩეველი აპროტესტებდა კონსტიტუციის ძირითადი პრინციპის, ფარულობის დარღვევას, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა გუშინდელმა სასამართლომ,“- აცხადებს ცესკოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირთაძე.

„ფარულობა ტექნოლოგიზებულ უბნებზე იყო მასობრივად დარღვეული, ბიულეტენის უკანა მხარეს ადვილად ჩანდა, თუ ვის მისცა, ან არ მისცა ამომრჩეველმა ხმა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ შექმნა უნიკალური პრეცედენტი და გააუქმა შესაბამისი უბნების შედეგები. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ასე ხდებოდა თეთრიწყაროში, ასევე ხდებოდა 2263 უბანზე, სადაც არის 90% ჩვენი ამომრჩევლებისა კონცენტრირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს უკვე სამართლებრივი საფუძველი არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნისთვის“, – ამბობს გიორგი სიორიძე, ცესკოს წევრი „ლელოდან”.

ცესკოს ხელმძღვანელი პირები არ აპირებენ, გაიზიარონ ოპოზიციონერი კოლეგების მოთხოვნა. საარჩევნო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე მედიას უთხრა, რომ ცესკოს თავმჯდომარე არ მოიწვევს საგანგებო სხდომას. ნათია იოსელიანი ამბობს, რომ უწყება ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად.

„მიმდინარეობს სასამართლოებში საჩივრების განხილვის პროცესი და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, ამის შემდეგ ჩაინიშნება სხდომა ცესკოში. იცით, რომ სასამართლოში საჩივრების განხილვის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ამის შემდეგ იქნება შესაბამისი კანონით დადგენილი პროცედურები და ბოლოს იქნება უკვე ცესკოს სხდომა, სადაც საპარლამენტო არჩევნები შეჯამდება. სხდომები კანონმდებლობის შესაბამისად გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით არ და ვერ იმოქმედებს“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.

ცესკოში მიაჩნიათ, რომ მათ ყველა საჭირო ღონისძიება გაატარეს იმისთვის, რომ 26 ოქტომბერს ხმის მიცემის ფარულობა დაცული ყოფილიყო. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”. ორგანიზაცია სასამართლოში სწორედ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე დავობს.

„ჩვენ გავასაჩივრეთ 2263 უბანზე არსებული შედეგები და ვითხოვთ ამ უბნების ბათილობას. ეს ის უბნებია, რომლებზეც გამოყენებული იყო ელექტრონული ტექნოლოგიები, თუ ეს ბათილობა და ეს შედეგი დადგება სასამართლოების მიერ და სასამართლო გადაწყვეტს, რომ გაუქმდეს ამ უბნებზე შედეგები, მაშინ უნდა დაინიშნოს ცესკოს მიერ ახალი არჩევნები. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ ფარულობა არ ირღვეოდა, რადგანაც არ იყო გარჩევადი, რომელ პარტიას აძლევდნენ ხმას, აქ მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ფარულობის ელემენტი ფარავს იმ უფლებას, რომ არ იყოს გამხელილი ვის მივეცით ხმა და ასევე იმ უფლებას, რომ ფარული იყოს ვის არ მივეცით ხმა, შესაბამისად, როცა უკან აცურებდა ბიულეტენს ამომრჩეველი, ჩანდა, რომ მათ არ მისცეს ხმა „ოცნებას” და ისინი იყვნენ ოპოზიციონერი ამომრჩევლები. აქედან გამომდინარე, ხმის ფარულობა ნამდვილად დაირღვა 26 ოქტომბრის არჩევნებზე“, – ამბობს ნანუკა ყრუაშვილი, საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს ორ-ორი დღე აქვთ საჩივრების განსახილველად. ცესკოს საბოლოო შემაჯამებელი ოქმი კი 21 ნოემბერს გამოქვეყნდება. ჯერ კიდევ განხილვის თემაა, თუ რა მონაცემები ჩაიწერება 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმში.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:29
spot_imgspot_img
Send this to a friend