რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრდილოკორეელ კოლეგას, ჩო სონ ჰუის, მასპინძლობს.
ოფიციალური ინფორმაციით, ჩრდილოკორეელი მინისტრი ლავროვთან ერთად დაესწრება მემორიალური დაფის გახსნას, რომელიც საბჭოთა კავშირში კიმ ირ სენის 1949 წლის ვიზიტს ეძღვნება. ჩო სონ ჰუის ვიზიტამდე ფხენიანმა რუსეთში საოკუპაციო ჯარების მხარდასაჭერად ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა.
„პრეზიდენტ პუტინისა და კიმ ჩენ ინის განსაკუთრებული ყურადღების წყალობით ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივმა ურთიერთობებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალ დონეს მიაღწია.
სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ მყარი საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას ორმხრივი დღის წესრიგის ყველა სფეროში.
ძალიან მჭიდრო კონტაქტები დამყარდა ორი ქვეყნის სამხედროებსა და უსაფრთხოების სამსახურებს შორის. ეს საშუალებას გვაძლევს გადავჭრათ მნიშვნელოვანი ამოცანები ჩვენი და თქვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის“, – ამბობს სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
„სახელმწიფო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ კიმ ჩენ ინმა გუშინ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით მზარდი პოტენციური საფრთხეები და გამოწვევები მოითხოვს, გავაგრძელოთ ჩვენი თანამედროვე სტრატეგიული ძალების გაძლიერება და ბირთვული რეაგირების პოზიციის სრულყოფა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა არასოდეს შეცვლის ბირთვული ძალების გაძლიერების პოლიტიკას.
კიმ ჩენ ინმა უკრაინის წინააღმდეგ სპეცოპერაციის დაწყებისთანავე გასცა მითითება, რომ ჩვენ თანმიმდევრულად და მტკიცედ უნდა გამოვხატოთ მხარდაჭერა რუსეთის სამხედროებისა და ხალხის სამართლიან ბრძოლაში, რათა დაიცვან თავიანთი ქვეყნის სუვერენული უფლებები და უსაფრთხოების ინტერესები“, – ამბობს ჩო სონ ჰუი, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი.
არც მოსკოვსა და არც ფხენიანს არ დაუკონკრეტებია მოლაპარაკებების დღის წესრიგი, თუმცა სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ სონ ჰუი შესაძლოა ჩართული იყოს მაღალი დონის დისკუსიებში რუსეთში დამატებითი ჯარების გაგზავნის თაობაზე. დასავლეთში შიშობენ, რომ სანაცვლოდ მოსკოვი ფხენიანს მიაწვდის შედარებით მაღალი დონის ტექნოლოგიებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის მოდერნიზებაში დაეხმარება. მინისტრმა ჰუიმ დღესაც დაადასტურა, რომ „ჩრდილოეთ კორეა დაეხმარება ამხანაგ რუსებს, სანამ მოსკოვი არ გაიმარჯვებს”.