თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, გამოეყენებინა ნაკლებად შემზღუდავი ზომა, გაეთავისუფლებინა სადიგოვი გირაოს სანაცვლოდ და მისი საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით გააგრძელა.
სადიგოვის სამართლებრივ ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” იცავს. სადიგოვი ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გარემოებები, მათ შორის, სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაითვალისწინა.
სადიგოვის მეუღლე, სევიჯ სადიგოვა ამბობს, რომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საქართველოში ალიევის გეგმის მიხედვით კლავენ და იმ შემთხვევაში, თუ აფგან სადიგოვი დაიღუპება, პასუხისმგებელი ალიევის რეჟიმი, საქართველოს მთავრობა და სასამართლო იქნება.
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში პოლიტიკური მოტივებით ორჯერ დააკავეს. იგი აქტიურად წერს კორუფციასა და მწვავე სოციალურ საკითხებზე, ხშირად აკრიტიკებს აზერბაიჯანის ავტორიტარულ ხელისუფლებას. სადიგოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა. 3 აგვისტოს იგი თბილისში დააკავეს. 21 სექტემბერს მან შიმშილობა დაიწყო.