სამეგრელოში გუშინ, 30 ოქტომბერს, ახალი ჰიდროელექტროსადგური გაიხსნა. „ხობი 2 ჰესი” მდინარე ხობისწყალზე მდებარეობს. ჰიდროელექტროსადგურის გახსნაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიიღეს მონაწილეობა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ საქართველოში აშენდა. მისივე განმარტებით, სადგურის დადგმული სიმძლავრე არის 44,5 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშავება – 202 მლნ კვტ/სთ. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი და 2030 წლისთვის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარების მაჩვენებელს.
ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქარისა და მზის ენერგიის გამოყენება, რა მიმართულებითაც, მისივე თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და „ხობი 2 ჰესის” დამფუძნებელმა ლაშა იორდანიშვილმა.
ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს „ხობი 2 ჰესის” დამფუძნებელმა და დირექტორმა ჰესი დაათვალიერებინეს და პროექტის განხორციელების ეტაპზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.