მთავარისაქართველორა თქვა ევროკომისიამ და როგორია პოლიტიკური ინტერპრეტაციები

რა თქვა ევროკომისიამ და როგორია პოლიტიკური ინტერპრეტაციები

“ევროკომისიის გასული წლის რეკომენდაციები არ განხორციელებულა და ძალაში რჩება. მომავალ წელს საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და კიდევ ისეთი კანონები, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობას აუარესებს“ – წერია ევროკომისიის ანგარიშში ევროკავშირის გაფართოების შესახებ.

ამით ფაქტობრივად, ევროკომისიამ არ გასცა დადებითი სიგნალი საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი გაგრძელებისთვის, ვიდრე ქვეყანა ევროკავშირის ღირებულებების გზას არ დაუბრუნდება.

„ქართული ოცნების“ გუნდში დადებითად შეაფასეს ანგარიშის ის ნაწილი, სადაც ტექნიკურ საკითხებში, საქართველოს პროგრესი იყო ნახსენები. ნეგატიურად შეფასებულ ნაწილზე კი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ იმუშავებენ ევროკავშირთან. მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს მიაჩნია რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არ შეჩერებულა და გრძელდება.

„გუშინ გამოქვეყნდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე. ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს.

ის, რომ ევროკომისიამ საქართველოს პროგრესი შეაფასა, ეს ნიშნავს, რომ ევროინტეგრაცია კი არ შეჩერდა, არამედ გრძელდება და ვერც შეჩერდება.

ევროკომისიის შეფასებით ოცდათხუთმეტი თავიდან გასული ერთი წლის მანძილზე საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა თორმეტ თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი ცამეტ თავზე. ეს არის იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გამო საქართველოს ჰქონდა შეზღუდული დრო საპარლამენტო საქმიანობისთვის და მიუხედავად ოპოზიციის და „ენჯეოს“ სექტორის მუდმივი ობსტრუქციისა, საქართველო დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ხაზგასასმელია, რომ ანგარიშში ოცდათხუთმეტი თავიდან მხოლოდ ერთი თავის შემთხვევაში, რომელიც მართლმსაჯულებას და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით არის უკუსვლა. ამასთან, ამგვარი შეფასების ძირითად მიზეზად ანგარიშში ევროკომისია ასახელებს შემდეგ საკითხებს: გენდერული კვოტირების გაუქმება, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება და ლგბტ პრაიდის ვერ ჩატარება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ თავში ჩვენი შეფასება თანაბარია უკრაინას და მოლდოვას შეფასებისა, ხოლო ფუნდამენტურ საკითხთა ჯგუფში, რომელშიც ეს თავი შედის საქართველო უსწრებს მოლდოვასაც და უკრაინასაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, გამოხატული უკუსვლის გამო, ევროკავშირის კომისიამ გადაწყვიტა, გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოსთან მოლაპარაკებები არ გააგრძელოს. 

მმართველი გუნდის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირთან დაახლოებისა და გაწევრიანების შანსი ნულს უტოლდება.

„ევროკავშირის კომისიამ გადაწყვიტა, გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოსთან მოლაპარაკებები არ გააგრძელოს. საქართველო აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად იმ ქვეყნების სიაში იყო, რომელთანაც გაფართოების პროცესი მიმდინარეობადა. თუმცა გუშინ ეს პროცესი და მოლაპარაკებები შეჩერდა, უხეში დარღვევებით, სრული ტერორით, ადამიანების დაშინების და გაყალბების ფონზე ჩატარებული არჩევნების გამო. საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს არაერთხელ უთქვამთ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირთან დაახლოებისა და ევროკავშირთან გაწევრიანების შანსი ნულს უტოლდება.

ეს იმ პირობებში, როდესაც სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, მათ არამხოლოდ გაეხსნათ მოლაპარაკებები, არამედ გადავიდნენ ევროკავშირიდან დახმარებების ახალ ეტაპზე, ასეთია მაგალითად, ალბანეთი, რომელმაც რამდენიმე მილიარდიანი დახმარება მიიღო.

„სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ საქართველო ამ ქვეყნების მიღმა დარჩა და რომ მისი ევროპული განვითარების პერსპექტივა ამ ეტაპზე შეჩერდა. იმის გამო, რომ ყველა შანსი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა – დაკარგა“, – განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ანა დოლიძემ.

ევროკომისიის ანგარიშის პოლიტიკური შეფასებები თბილისიდან ისევე ჭრელია, როგორც შეფასებები სხვა საკითხებზე. ევროკომისიამ ამ ანგარიშში და ევროკავშირის ყველა სტრუქტურამ ნათლად აღნიშნა, რომ საქართველომ ეროვნულ დონეზე უნდა გაიაზროს, გაიზიაროს და მიიღოს ის ღირებულებები, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ. ამას კი შესაბამისი პოლიტიკური ნება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ამ გაერთიანების წევრი ვერ გახდება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend