მთავარისაქართველოცესკო საარჩევნო დარღვევების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე საუბრობს

ცესკო საარჩევნო დარღვევების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე საუბრობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზის შექმნა, პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკებიდან გამომდინარე, კანონითაა შეზღუდული. ნათია იოსელიანის თქმით, ეს საკითხი კარგადაა ცნობილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც, მისივე შეფასებით, „ქმნიან აღქმას, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმაციას მალავს“.

„მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ამომრჩეველთა სიების მონაცემების ერთმანეთთან შედარებით ხდებოდა კამპანიური ხასიათის მანიპულაცია, ინტენსიურად დაიწყო ახალი დეზინფორმაციების გავრცელება. მანიპულაციური კამპანიის გაგრძელებაა ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული პირის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, ხმის დათვლის მანქანებიდან სხვადასხვა დროს ამობეჭდილი ამონაწერების შესახებ, რომლებიც განსხვავებულ მონაცემებს შეიცავს. სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები მოუწოდებენ საარჩევნო ადმინისტრაციას, შექმნას არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზა იმისთვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მომსვლელთა ამომრჩეველთა სიაში. პოლიტიკოსებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აღნიშნული ქმედება კანონით არის შეზღუდული და ასეთი ბაზის შექმნა შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკებს, რაც ეწინააღმდეგება არჩევნების ერთ-ერთ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.

.

გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერი გამოეხმაურა ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, განცხადებასაც და მას „დისკრედიტაციული“ უწოდა.

„სალომე ზურაბიშვილი უაპელაციოდ აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად. მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით გაეცნონ ამერიკული კომპანია PRO V&V-ის დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მასში პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში კი მიმართონ სამართლებრივ ზომებს“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend