საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დღეს პირველი სამთავრობო სხდომა გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მე-2 ადგილზე გასულ პარტიას, რაც მისი შეფასებით მეტყველებს საზოგადოების დამოკიდებულებაზე მოვლენების, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიმართ. მან განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო დამკვირვებლების როლი არჩევნების დაკვირვების პროცესში და რომ განსაკუთრებული როლი ეუთო/ოდირს ჰქონდა. არჩევნების გარდა პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, ქვეყნის განვითარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, სამართალდამცავი სტრუქტურის განვითარებაზე, ანაკლიის პორტზე და სხვა.
“მოხარული ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, რაც ჩვენ მივიღეთ ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან, ეს არის ნდობა მმართველი გუნდის მიმართ და ეს არის ნდობა, რომელიც გამოუცხადეს საქართველოს მთავრობას და სამთავრობო პროგრამას. ეს ნდობა უპრეცედენტოა, მათ შორის ეს გამოიხატება ხმების რაოდენობით, აქტივობით, რაც არჩევნებზე დაფიქსირდა. ჩვენი მოწოდება იყო საზოგადოების მიმართ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოსულიყო და რეალურად, ეს ასე მოხდა. უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა ამ არჩევნებზე. ჩვენი უამრავი თანამოქალაქე გამოვიდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მშვიდობის დასაცავად და საქართველოს შეუფერხებელი, შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს, რომელიც ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მოქმედებდა.
მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ, მმართველი გუნდის მიმართ და ცალკე არსებული ოპოზიციის მიმართ.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო დამკვირვებლების როლი საარჩევნო პროცესში. ჩვენ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომელიც აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს. განსაკუთრებით, ეუთო-ოდირს, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული როლი დაკვირვების პროცესში. მთავარი მისია გახლდათ სწორედ ეუთო-ოდირის მისია”, – განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
