საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
„თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს… ეს არის უზარმაზარი, წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, წაგვართვა პარლამენტი, წაგვართვა კონსტიტუცია”, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს.
პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. მათი თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. დემონსტრანტები ითხოვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან სიების გახსნასა და უცხოური საარჩევნო ადმინისტრირების მეშვეობით ხელახალი არჩევნების ჩატარებას.
ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მმართველმა პარტიამ ხმების 53% მიიღო. ხოლო, იმ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ერთობლივად 38%.
„ამ ბრძოლაში დამარცხდა პარტია, რომელსაც საქართველო მიჰყავდა რუსეთში. დამარცხდა ერთი კაცის პარტია და გაიმარჯვა მრავალპარტიულმა დემოკრატიამ… ეს არის პოლიტიკური რეალობა. ჩვენ გავიმარჯვეთ ახალ საქართველოში. მართალია, ბიძინა ივანიშვილის პარტია ამას არ აღიარებს ახლა, მაგრამ მალე მოუწევს. ეს არის ახალი საქართველოს დაბადება“, – აცხადებს ლევან ცუცქირიძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ.
„ჩვენ არ ვაღიარებთ ამ გაყალბებულ არჩევნებს. ჩვენ არ გვყავს ლეგიტიმური მთავრობა. ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ არ თმობს ძალაუფლებას. ჩვენ უარს ვამბობთ, ვაღიაროთ ავტოკრატიული რეჟიმი, ამიტომ, ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე. ჩვენ ვხსნით სიას. უარს ვამბობთ საპარლამენტო პრივილეგიებსა და დაფინანსებაზე. არ შევდივართ არალეგიტიმურ პარლამენტში“, – ამბობს ნანა მალაშხია, „კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი.