“სამართლიანი არჩევნები” ხმების პარალელური დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს. მათი შეფასებით, დარღვევების ერთობლიობის გათვალისწინებით, შედეგები შესაძლოა, არ ასახავდეს ამომრჩევლის ნებას.
როგორც განცხადებაში წერია, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა, იგი ვერ იქნება გამოყენებული როგორც საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, ვინაიდან, მათი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილმა ფუნდამენტური ხასიათის დარღვევებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვაზე.
“წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ, ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ/დამუშავებამ და ამომრჩევლების მოსყიდვამ, მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა. არჩევნების დღესაც „სამართლიანმა არჩევნებმა” გამოავლინა მძიმე დარღვევები, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ასევე უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და ნების კონტროლის ფაქტები. „სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, ამ დარღვევების ერთობლიობის გათვალისწინებით, შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს ამომრჩევლის ნებას. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ხმების პარალელურ დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს. „სამართლიანი არჩევნები” განაგრძობს საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და ანალიზს”, – წერია “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში.
