იაპონიაში კვირას, 27 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და მმართველმა „ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ” ქვედა პალატაში ხმათა უმრავლესობა დაკარგა. ამის მიუხედავად, „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია” მაინც რჩება იაპონიის ხელისუფლების სათავეში, თუმცა ექსპერტების აზრით, შედეგები მაინც ქმნის პოლიტიკურ გაურკვევლობას.

ეს ცვლილება მოქმედ პრემიერ-მინისტრ შიგერუ იშიბასა და მის მთავრობას გაურთულებს პარტიის პოლიტიკის კანონმდებლობაში გადატანას. ამისთვის, პარტიას შესაძლოა დასჭირდეს კოალიციის შექმნა გარკვეულ ძალებთან. „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია” კვლავ ინარჩუნებს უმრავლესობას იაპონიის პარლამენტის ზედა პალატაში, რომელიც შედარებით ნაკლები გავლენისაა.
იაპონიის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია” მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და მას შემდეგ უმრავლესობა მხოლოდ ერთხელ, 1990-იან წლებში, მცირე დროით დაკარგა.