პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა, სადაც საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა.
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, „ქართული ოცნების“ პარლამენტი არის არალეგიტიმური და მისი გუნდი ასეთ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას არ მისცემს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გუნდი მიიჩნევს, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებების წარდგენა მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო პარტნიორებიც დარწმუნდნენ ქართველი ხალხისთვის არჩევანის წართმევაში.
„საქართველოს მოქალაქეები თვლიან,რომ ივანიშვილმა და „ოცნებამ“ ისინი მოატყუა და გადააგდო, არჩევანი მოჰპარა. მეორე მხრივ, საერთაშორისო დამკვირვებლები გვეუბნებიან, რომ ეს არჩევნები არ იყო დემოკრატიული და სამართლიანი და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის მკაფიოდ ვეძებოთ და გამოვავლინოთ გაყალბების რომელ სქემებს ჰქონდა სისტემური ხასიათი, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა ჩვენი ამომრჩევლის ნებაზე. ამ თემაზე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან და შეგვიძლია გითხრათ ის სისტემური ხასიათის დარღვევები და მანიპულაციის სქემები, რომლებსაც იყენებდა ოცნება იმისთვის, რომ მოეპარა ქართველი ხალხის ნება. ეს ინფორმაცია გადავეცით საერთაშორისო პარტნიორებსაც.
ჩვენ დღეს გვაქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ სისტემური ხასიათი დავადასტუროთ ისეთი საარჩევნო სქემების და მანიპულაციის როგორიც არის საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება სრულად პარტიასთან დაკავშირებული ადამიანებით, მათი ნათესავებით და ურთიერთდაკავშირებული პირებით. სისტემური ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და სოციალურად მოწყვლად ჯგუფებზე, ქართულმა ოცნებამ მძევლად აიყვანა საჯარო მოხელეები, აშანტაჟებდა ხელფასით, სისტემური მოსყიდვა, ფულის დარიგება უბნებზე, ყველა უბანზე ოცნებას ჰქონდა მოწყობილი მიკროავტობუსში მიკროშტაბი.
ჩვენ საკმარისზე მეტი მტკიცებულება გვაქვს, რომლის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა სუსის, ცესკოს და იუსტიციის სამინისტროს კოორდინირებული მუშაობის გარეშე“.
მანამდე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ 28 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პრეზიდენტისა და პროდასავლური ოპოზიციის დაანონსებულ აქციას მათი გუნდიც შეუერთდება.
პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაწყებამდე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ცესკოს შედეგების თანახმად, 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტს ხვდებიან. ლიდერების თქმით, ისინი სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ.