საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პარტიის ოფისში პირველი განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადებოდა.
მამუკა მდინარაძემ ასევე ისაუბრა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკულ შეფასებებზე და თქვა, რომ ისინი პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.
„ჩვენი პატივცემული აგენტურული ოპოზიცია კი არ ემზადებოდა 26 ოქტომბრისა და არჩევნებში რაიმე შედეგის დადებისათვის, ისინი ემზადებოდნენ 27 ოქტომბრისათვის. მათ დააანონსეს ის, რაც დააანონსეს. პოლიტიკური პარტიები და NGO სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი მიდიან საქართველოში, საკუთარ სამშობლოში კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“, – განახადა მამუკა მდინარაძემ არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებების შეფასებისას.
ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ისინი ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს არ ენდობიან და არჩევნების ამ შედეგებს არ აღიარებენ.
