საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგი გამართა. მან მადლობა გადაუხადა ქართველ ამომრჩეველს ერთგულებისა და გვერდში დგომისთვის.
მისი თქმით, ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი და ქართველმა ხალხმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა გაიაზრა ის საფრთხეები, რომლებიც არსებობდა “რადიკალური ოპოზიციის” გამარჯვების შემთხვევაში და აირჩია მშვიდობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ “რადიკალურმა ოპოზიციამ” 2020 წელთან შედარებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თითქმის 80 000-ით ნაკლები ხმა მიიღო, რაც “ქართული ოცნების” რეიტინგის ზრდითაა განპირობებული.
„ტრადიციულად გვინდა კიდევ ერთხელ გვინდა შევაჯამოთ არჩევნების შედეგები. პირველ ყოვლისა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის, რომელზეც წყდებოდა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების ბედი. ქართველმა ხალხმა გააკეთა ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი, აირჩია მშვიდობა, აირჩია ქვეყნის განვითარება და ნათელი ევროპული მომავალი. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს იმისათვის, რომ ისინი ყველაზე რთულ წუთებშიც ჩვენ გვერდით იდგნენ. ჩვენ მივიღეთ მილიონ ასოცი ათასი ხმა და მეორე ადგილზე გასული პარტია ხუთჯერ ჩამოგვრჩება. 2020 წლის არჩევნებზე „რადიკალურმა ოპოზიციამ“ მიიღო 845 000 ხმა, ხოლო დღეს 770 000 ხმა. მათი მხარდაჭერა შემცირდა, რადგან ჩვენი რეიტინგი გაიზარდა“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებზე ამომრჩეველმა 150 დეპუტატი ისტორიაში პირველად აირჩია პროპორციული პრინციპით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი შედეგებით, „ქართული ოცნება“ მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს.
