ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ კენჭისყრის დღისა და უბნების დახურვის პროცესს აფასებს. შემაჯამებელი განცხადებისას სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. მათივე შეფასებით, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას.
სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერმა ლონდა თოლორაიამ მედიასთან თქვა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა, რომლის განხორციელებისთვისაც გამოიყენეს ისეთი მეთოდები, როგორებიცაა ვერიფიკაციის სისტემის მოშლა, მარკირების პროცედურების დარღვევა და დამკვირვებლებისათვის ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის პროცედურების დაკვირვებაზე ხელშეშლა. ლონდა თოლორაიამ დაასახელა ის დარღვევები, რომლებსაც ყველაზე ხშირად აწყდებოდნენ „ჩემი ხმის“ დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე.
„ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა – ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა ქარელის, ბათუმის, თელავის, ხაშურის, ბოლნისის, სენაკის, გორის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარნეულის, ქობულეთის, საგარეჯოს, ახალციხის, კასპის, მცხეთის საარჩევნო ოლქებში;
ვერიფიკაციის პროცესის მართებულობისა და რეგისტრატორის საქმიანობის დაკვირვების შეუძლებლობა – გურჯაანის, სიღნაღის, რუსთავის, გარდაბნის, სამტრედიის, ჩუღურეთის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ისნის, სენაკის საარჩევნო ოლქებში;
ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემა ან/და ყუთში მოთავსება – გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, რუსთავის, ბათუმის, სენაკის, ლაგოდეხის, თბილისის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, მესტიის, ახალციხის, ასპინძის, გორის, ქარელის, ხაშურის საარჩევნო ოლქებში;
სხვის ნაცვლად და განმეორებით ხმის მიცემა – მარნეულის, გარდაბნის, ზუგდიდის, ხარაგაულის, ჩხოროწყუს, სამგორის საარჩევნო ოლქებში;
ფიზიკური ძალადობა – მარნეულის, გლდანის, ისნის, მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში;
ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლი – ხარაგაულის, ჭიათურის, ახალქალაქის, ხაშურის, მცხეთის, კასპის, ქარელის, ხაშურის, გორის საარჩევნო ოლქებში;
გადასატანი ყუთისა და ბიულეტენების დაზიანება – ვაკის, საბურთალოს, სამგორის, ოზურგეთის, რუსთავის, ხაშურის საარჩევნო ოლქებში;
მარკირების დაუცველობა – გლდანის, ისნის, სამგორის, მარნეულის, კასპის, გორის, ზუგდიდის, მარნეულის, ბათუმის, მცხეთის საარჩევნო ოლქებში;
აგიტაცია კომისიის წევრების მხრიდან – გორის, მარნეულის, ბოლნისის, ახალქალაქის, გარდაბნის, ქუთაისის საარჩევნო ოლქებში;
დამკვირვებლების საქმიანობის ხელშეშლა და მათი გაძევება – მარნეულის, სენაკის, გარდაბნის, ქობულეთის, საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც 30 არასამთავრობო ორგანიზაციასა და 2000-მდე დამკვირვებელს აერთიანებს, აცხადებენ, რომ გააგრძელებენ შედეგების ბათილობის მოთხოვნას.
