კატეგორიები

1 120 000 ხმა „ქართულ ოცნებას“ – როგორ აფასებს მმართველი გუნდი არჩევნების შედეგებს

1 120 000 ხმა „ქართულ ოცნებას“ – როგორ აფასებს მმართველი გუნდი არჩევნების შედეგებს

თითქმის 1 120 000 ხმა „ქართულ ოცნებას“ – ასეთია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგები. 26 ოქტომბრის 20:00 საათიდან მმართველი გუნდი 2024 წლის საპარლამენტო, მათივე შეფასებით, რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს და ამომრჩევლებსაც ულოცავს, რომ უკვე მეოთხედ, ომი მშვიდობასთან, ბნელი წარსული კი, ნათელ მომავალთან დამარცხდა… ანუ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია, როგორც თავად უწოდებენ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, კიდევ ერთხელ დაამარცხა არჩევნებში, რომლის შედეგების ლეგიტიმურობასაც არ აღიარებს არცერთი ოპოზიციური გაერთიანება, რომელმაც 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა.

„მთლიანობაში დაახლოებით 1 120 000 ხმა მივიღეთ, რაც 2012 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ეს რეფერენდუმისა და 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები იყო. ეს გზავნილი ამომრჩევლამდე ზუსტად მივიდა. და სწორედ ამას უკავშირდება ის უპრეცედენტო აქტივობა, რომელიც ამ საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა. გამარჯვება არის ძალიან შთამბეჭდავი. ჩვენ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან სხვაობა  43% გვაქვს, 5-ჯერ ჩამოგვრჩება ის“, – ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ იმასაც, რომ პარლამენტი ოპოზიციის გარეშეც შეიკრიბება და მათ ექნებათ საკმარისი მანდატები იმ კანონების მისაღებად, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში შედის. ამის შესახებ დღეს შალვა პაპუაშვილმა, იმ მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომლის ინიციირებულმა, შემდეგ კი მიღებულმა სადავო კანონმა „გამჭვირვალობის“ შესახებ ქუჩაში ათი ათასობით მოქალაქე გამოიყვანა.

„ამ მონაცემებით ჩანს, რომ ჩვენ 90-მდე მანდატი გვექნება. 89 – ზუსტად ასე ჩანს დღეს. რა თქმა უნდა, პარლამენტი მათ გარეშეც შეიკრიბება. ეს კინოც ვნახეთ 2020 წელს. ვცნობთ უფლებამოსილებას და პარლამენტი თავის მუშაობას გააგრძელებს. „ქართული ოცნება“ იმ დღის წესრიგით გააგრძელებს მუშაობას, რომლითაც ჩვენი ამომრჩევლის წინაშე ამ წინასაარჩევნო კამპანიაზე წარვდექით. ამ დღის წესრიგის შესასრულებლად ჩვენ გვაქვს საკმარისი უმრავლესობა, რათა მივიღოთ კანონები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის ინტერესში იქნება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარტიაში ამბობენ იმასაც, რომ ოპოზიციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული არგუმენტები არ გააჩნია და არჩევნების გაყალბებაზე სერიოზულად საუბარი უბრალოდ შეუძლებელია.

„ორი დღის განმავლობაში ფეიკკამპანიას აწარმოებენ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ წინა პერიოდისგან, მაგალითად, 2020 წლისგან განსხვავებით, ეს ფეიკკამპანიაც არ გამოდის. ჯერჯერობით ვერ დაასახელეს რაღაც არგუმენტი, რაც შეიძლებოდა ოდნავ მაინც ყოფილიყო ახლოს რეალობასთან… ამ შემთხვევაში რა შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები, ამასაც კი ვერ იგონებენ. აი, წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ თითქოს ჩვენ 300 000-მდე ხმა გავაყალბეთ. მათ ხომ დაწერეს 40%? იგონებენ ამბავს, რომ 300 000-მდე ხმა გაყალბდა. წარმოუდგენელი ამბავია. ამაზე სერიოზულად ლაპარაკიც არ შეიძლება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 53.93% მიემხრო. 5%-იანი ბარიერი ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ გადალახა. საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, მათ ხმა ამომრჩეველთა დაახლოებით 38%-მა მისცა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები