საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს. 3 508 294-მა მოქალაქემ არჩევანი 18 პოლიტიკურ ძალას შორის უნდა გააკეთოს. ისტორიაში პირველად, ეს არჩევნები სრულად პროპორციული იქნება. იმისთვის, რომ საარჩევნო სუბიექტები პარლამენტში მოხვდნენ, მათ ხუთპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ.
წელს პირველად, საქართველოს მოქალაქეების თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით აძლევს. უბნებზე მისულ ამომრჩევლებს სამაგიდე სიების ნაცვლად ე.წ. ვერიფიკაციის აპარატები დახვდებათ. სწორედ ამ აპარატების მეშვეობით უნდა გადაამოწმონ კომისიის წევრებმა მათი მონაცემები.
შეიცვალა ბიულეტენისა და მისი ჩასადები კონვერტის დიზაინიც – ბიულეტენზე მოქალაქეები სასურველ საარჩევნო სუბიექტს აღარ შემოხაზავენ. ახალი წესის მიხედვით, მათ კანდიდატის გასწვრივ, მარკერით სპეციალური წრე უნდა გააფერადონ. ბათილად ჩაითვლება ის ბიულეტენი, რომელზეც ერთზე მეტი კანდიდატის გასწვრივ არსებული რგოლი იქნება გაფერადებული.
ამომრჩევლები ბიულეტენებს ხმის მთვლელ აპარატებში თავად ათავსებენ იმგვარად, რომ არ გამოჩნდეს, ვისზე გააკეთეს არჩევანი. ბიულეტენის ჩარჩო-კონვერტი კი ხმის მთვლელ აპარატთან, სპეციალურად გამოყოფილ მაგიდაზე უნდა დარჩეს.
კვლავ სავალდებულოა უბანზე შესვლის წინ მარკირების შემოწმება და რეგისტრაციისას მარკირების პროცედურის გავლა.
მოქალაქეებს თან უნდა ჰქონდეთ ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა – ID ბარათი, ან პასპორტი.
რაც შეეხება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებს – ამ შემთხვევაში ამომრჩევლები ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არ აძლევენ. რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის კვლავ ძველი წესი მოქმედებს და უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სასურველ კანდიდატს კვლავ ტრადიციული წესით ხაზავენ.
საარჩევნო კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია. ხმის მიცემა ფარულია – შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვისზე გააკეთა მოქალაქემ არჩევანი.
ნანუკა მეშველაშვილი
