„ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული, დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, თუმცა უფრო მაღალი ამბიცია გვაქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, პარტიის მიზანი საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაა და ამისთვის, თითოეული ამომრჩევლის მობილიზებაა საჭირო. მან ამომრჩეველს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და თქვა, რომ დღევანდელი არჩევნები გადამწყვეტია და სასწორის ერთ მხარეს ბნელი წარსული, მეორე მხარეს კი, ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი დევს.
„ჩვენ გვინდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არის გარანტირებული. ჯერ კიდევ არის დარჩენილი 2 საათი. მოსასვლელია, ალბათ, 200 ათასზე მეტი ამომრჩეველი. შესაბამისად, არის საჭირო თითოეული ამომრჩევლის მობილიზება – ქუდზე კაცი იმისათვის, რომ ჩვენ არა მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ ამ არჩევნებში, არა მხოლოდ დიდი უპირატესობით მოვიგოთ და მოვიპოვოთ მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობაც, რაც არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ მაქსიმალურად გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე და იმოქმედონ მაქსიმალური პასუხისმგებლობით საკუთარი ქვეყნის წინაშე. და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები. სასწორის ორ მხარეს დგას ომი და მშვიდობა, ამორალური პროპაგანდა და ტრადიციული ფასეულობები. ერთ მხარეს დგას ქვეყნის ბნელი წარსული, მეორე მხარეს – ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობაც ძალიან დიდია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
