კატეგორიები

ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 50.6% შეადგინა

ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 50.6% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებზე მისული მოქალაქეთა რაოდენობა საღამოს 5 საათისთვის რეგისტრირებული ამომრჩევლების 50.6%-ია.

„ამ დროისთვის ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პროცესი აჩვენებს, რომ ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და შეუფერხებლად აკეთებენ საკუთარ არჩევანს“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა 18-ზე გამართულ ბრიფინგზე.

ცესკოში უპასუხეს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ კითხვებსაც.

„ჯამში ამ არჩევნებისთვის 3111 საარჩევნო უბანი შეიქმნა. ჩვენ [დარღვევებთან დაკავშირებით] ვსაუბრობთ სულ რამდენიმე ათეულ უბანზე. შესაბამისად, მინდა ხაზი გავუსვა, რომ, რა თქმა უნდა, დარღვევებზე რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითია, თუმცა ეს არ არის სისტემური, მასშტაბური დარღვევები საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება 3 508 294 საქართველოს მოქალაქეს აქვს. საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათზე დაიხურება. იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ამ დროისთვის საარჩევნო უბანზე იქნებიან, ხმის მიცემის შესაძლებლობა მაინც მიეცემათ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები