მთავარისაქართველოსადამკვირვებლო მისიებმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დასკვნითი ანგარიშები წარადგინეს

სადამკვირვებლო მისიებმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დასკვნითი ანგარიშები წარადგინეს

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ წინასაარჩევნო გარემოს აფასებს.

მისიის ანგარიშში ნათქვამია: „მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ არჩევნებში მონაწილეობის მხრივ პარტიები შეზღუდულები არ ყოფილან, წინასაარჩევნო გარემო არათანაბრად, ხოლო სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებები და მიდგომები საარჩევნო დარღვევების მიმართ უსამართლოდ და მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიკერძოებულად ფასდება”.

სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემოზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებმა. ასევე მისია დარღვევად მიიჩნევს დამოუკიდებელი ინსტიტუტების, მათი შეფასებით, სახელმწიფოს კონტროლქვეშ მოქცევას.

სისტემური დარღვევების გარდა სადამკვირვებლო მისიამ წინასაარჩევნო პროცესში გამოვლენილ დადებით ტენდენციებზეც ისაუბრა.

„დადებითად უნდა შეფასდეს ცესკოს მუშაობა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლების ინფორმირების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების შეუფერხებლად რეგისტრაციისა და ასევე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილის სპეციალურ საარჩევნო სიაში შეყვანის მიმართულებით. თუმცა საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობით შექმნილი უბნების გამო ემიგრანტების დიდი ნაწილისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება არჩევნებში მონაწილეობა. პრობლემურია ასევე ცესკოს მიერ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების ფუნქციების წილისყრით განაწილების წესის შეცვლა, რის გამოც კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილების პროცესს ბევრი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვერ დააკვირდა“, – განაცხადა მისიის „ჩემი ხმა“ სპიკერმა ლონდა თოლორაიამ.

სადამკვირვებლო მისიის მონაწილე სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს პირადი მონაცემების უკანონო მოპოვების სავარაუდო შემთხვევებზეც. მათი თქმით, არსებობს ვიდეომტკიცებულებები, რომლებშიც წინასაარჩევნოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს ართმევენ. სამოქალაქო ორგანიზაციები შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend