მთავარისაქართველო„საარჩევნო პროცესს დააკვირდება 187 ორგანიზაციის 24 700-ზე მეტი დამკვირვებელი" - ცესკოს...

„საარჩევნო პროცესს დააკვირდება 187 ორგანიზაციის 24 700-ზე მეტი დამკვირვებელი” – ცესკოს თავმჯდომარე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. ცესკოს ხელმძღვანელის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს.

მან ასევე ისაუბრა საარჩევნო უბნების სათანადო აღჭურვასა და დამკვირვებლების დიდ რაოდენობაზე.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება.

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება.

ამ ეტაპის წარმატებით დასასრულებლად საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას თითქმის 2 წელია ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. შესრულდა უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: სხვადასხვა ტიპის საორგანიზაციო სამუშაოები, საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით მრავალეტაპიანი სწავლებები საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, ამომრჩეველთა ინფორმირების უპრეცედენტო ფართომასშტაბიანი კამპანია, თანამედროვე საოპერაციო-სასაწყობე სივრცის შექმნა ტექნოლოგიებისთვის, ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის განხორციელება და სხვა არაერთი.

პროცესის ინკლუზიურობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ინსტიტუციაში შექმნილია დიალოგის ოთხი პლატფორმა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მედიასა და ადგილობრივ ექსპერტებთან”, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესის დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და უშუალო დამკვირვებლების რაოდენობაზე.

„საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედიაორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი”, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend