არჩევნებამდე 2 დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის კითხვებს უპასუხა.
სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ ევროპული ძალების გამარჯვებას განიხილავს.
პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის დაშინებას ცდილობს და ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით, მოქალაქეთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით არ ვითარდება.
პრეზიდენტმა განაცხადა ისიც, რომ არჩევნებში მონაწილეობისგან თავის შეკავება ქვეყნის მომავალზე უარის თქმას ნიშნავს.
„საზოგადოებრივი აზრის თითოეული გამოკითხვა გვეუბნება, რომ სამი მოქალაქიდან ორის აზრით, ქვეყანა სწორი გზით არ მიდის. სამიდან ერთს კი მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება. ეს არის პროპორციული გადანაწილება პროევროპულ ძალებსა და მმართველ პარტიას შორის. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ხალხი მობილიზებულია. და თუ ხალხი მობილიზებულია, არ არსებობს არანაირი გზა, რომ გაყალბება და დაშინება, არჩევნების მოპარვაში გადაიზარდოს“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა „ევრონიუს ჯორჯიას“ კითხვას იმის თაობაზე, თუ რა არის პრეზიდენტის მთავარი გზავნილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დღეებში ე.წ. საზღვარი, უფრო სწორად, დელიმიტაციის ხაზი, დაკეტილი იქნება და მათ, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს, არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება არ ექნებათ. იმას გავიმეორებ, რასაც რამდენიმე წელია ვამბობ – ჩვენი ევროპული გზა, მათი ევროპული გზაა. ეს ყველაზე ნამდვილი ერთობლივი გზაა, რომელიც ჯერ დაგვაახლოებს, შემდეგ კი, იმ სივრცეში მიგვიყვანს, რომელიც მშვიდობიანია და სადაც სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზებს ადგილი არ აქვს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა მიმართა საჯარო მოხელეებსაც და აღნიშნა, რომ ერთპარტიულობიდან მრავალპარტიულ, კოალიციურ მმართველობაზე გადასვლა მათაც დაიცავს და რომ ეს ბევრად უფრო თავისუფალ გარემოს შექმნის.
საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა ამერიკული კომპანიებისა და ორგანიზაციების თანამშრომლების სახლების ჩხრეკასაც და განაცხადა, რომ ეს „ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლაა“.
„ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა, ინტიმიდაცია არჩევნებამდე, რომელსაც ამ ქვეყანაში საკმაოდ შეჩვეული ვართ. ვიცით, რომ ეს ხდება და ამას უნდა გავუძლოთ. არ უნდა შევშინდეთ. ეს ხდება სწორედ იმისთვის, რომ ხალხს შეეშინდეს, ვიღაც არ წავიდეს არჩევნებზე. ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე არ მუშაობს და აღარ იმუშავებს”, – თქვა პრეზიდენტმა.