მთავარიგადაცემებიCULTრა ვნახოთ, სად წავიდეთ და რას მოვუსმინოთ კვირის განმავლობაში ევროპაში

რა ვნახოთ, სად წავიდეთ და რას მოვუსმინოთ კვირის განმავლობაში ევროპაში

Art Basel Paris 2024-ი, დემონური ღიმილი, ბარსელონას დიზაინის კვირეული და Bon Iver – ის ახალი მინიონი – მხოლოდ ნაწილია ევროპის ყველაზე საინტერესო კულტურული ცხოვრებისა ამ კვირაში.

მართალია ბენდ One Direction-ის წევრის ლიამ პეინის ტრაგიკულმა სიკვდილმა სამგლოვიარო ფარდა ჩამოაფარა მიმდინარე კვირის კულტურულ აფიშას, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ევროპაში კულტურული ღონისძიებების სია საკმაოდ შთამბეჭდავია: იქნება ეს დემონური ღიმილის მქონე ადამიანის დაბრუნება ფილმით „ღიმილი 2“ (Smile 2), ბანდ Bon Iver-ის ახალი მინიონი თუ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვნების ბაზრობა Art Basel Paris 2024-ი.

ლიონში 20 ოქტომბრამდე გრძელდება ლუიმიერების კინოფესტივალი, ხოლო დასასრულს უახლოვდება ბრიტანეთის კინოინსტიტუტის ეგიდით მიმდინარე ლონდონის კინოფესტივალი (The BFI’s London Film Festival).

რაც შეეხება გამოფენებს

ბრიტანეთის მუზეუმში 2025 წლის 9 თებერვლამდე გაგრძელდება გაიანელი წარმოშობის ბრიტანელი ხელოვანის ჰიუ ლოკეს Hew Locke მიერ მოწყობილი გამოფენა, რომლის ფარგლებშიც გამოიფინება 150-ზე მეტი არტეფაქტი (რომელთა უმეტესობაც ბრიტანეთის მუზეუმს ეკუთვნის) ისე, რომ მნახველმა შეამჩნიოს მათი კავშირი ბრიტანეთის იმპერიის კოლონიალურ წარსულთან.

ეს გამოფენა ასევე მიუთითებს მუზეუმებსა და ინსტიტუციურ კორუფციას შორის არსებულ რთულ ურთიერთობაზე. მართალია ეს გამოფენა ცოტა უხერხულია, მაგრამ იგი ნათელს ჰფენს ისეთ თემებს, რომლებზეც აუცილებელია დისკუსიის დაწყება.

შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოფენაა ‘Human, Prix Pictet’ -ი, რომლის ფარგლებშიც გამოიფინება იმ 12 ცნობილი ფოტოგრაფის ნამუშევრები, რომლებიც საერთაშორისო ფოტოკონკურისი Prix Pictet-ის გამარჯვებულები არიან. წლევანდელი გამარჯვებულია ინდოელი ფოტოგრაფი გაური გილი, რომელიც 20 წელზე მეტია იღებს ინდოეთის შტატის რაჯასტანის სოფლის ცხოვრებას.

ამ გამოფენის კიდევ ერთი საინტერესო მიმართულებაა ისალნდიელი ფოტოგრაფის რაგნარ აქსელსონის ნამუშევრები, რომლებიც ისლანდიის აბორიგენი მოსახლეობის ყოფას ასახავენ. ეს გამოფენა ახლახან გაიხსნა და 2025 წლის 19 იანვრამდე გაგრძელდება.

შემოდგომა დახუნძლულია ისეთი კულტურული ღონისძიებებით, რომელთაც მსოფლიო დიდი ინტერესით ადევნებს თვალს და მოუთმენლად ელოდება.

ერთი მათგანია „ბაზელის ხელოვნება“ (Art Basel). ეს ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბაზრობაა, რომელიც, როგორც სახელიც მიუთითებს, შვეიცარიაში დაიბადა, თუმცა შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა და 2022 წლიდან მას პარიზი მასპინძლობს. პარიზში წელს ეს გამოფენა გრან-პალე ეფემერში (Grand Palais Éphémère) იმართება და მასზე 195 ხელოვანის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

„ბარსელონას დიზაინის კვირეულის“ წლევანდელი მე-19 გამოშვება დიზაინის მოყვარულთა საყვარელი ღონისძიებაა, რომელსაც გოთური და თანამედროვე არქიტექტურით განთქმული ქალაქი მასპინძლობს. 26 ოქტომბრამდე აქ 140-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდება მთელი ქალაქის მასშტაბით, მათ შორის გამოფენები, დისკუსიები, სემინარები და გასართობი წარმოდგენები. წლევანდელი კვირეულის თემაა „დიზაინი ადამიანის მომავლისთვის“, რომლის ყურადღების ცენტრშიც ინოვაციური მიგნებები დგას.

ეკრანებზე დაბრუნდა კინოფილმ „ღიმილის“ გენიალური და ამავდროულად შემზარავი კონცეფცია: ადამიანი სახეზე შეყინული ღიმილითა და მანიაკის მზერით. ეს გამომეტყველება ერთდროულად გაცბუნებს და გზარავს – ღიმილი, რომელიც წესით მეგობრობის საწინდარია, რაღაც ავისმომასწავებელ წყევლად ქცეულა – იგი ადამიანიდან ადამიანზე გადადის (თუმცა არ ვრცელდება სქესობრივი გზით). „ღიმილის“ გაგრძელების „ღიმილი 2“-ის მთავარი გმირი პოპვარსკვლავი სკაი რაილი (რომელსაც ნაომი სკოტი თამაშობს) ამ ინფექციით მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობის დროს დასნებოვნდა. მის ირგვლივ მყოფი ადამიანები უეცრად იღიმებიან და შემდეგ თავს იკლავენ, რითაც სკაის წარსულის ტრავმებს უღვიძებენ.

რომის კინოფესტივალის მე-19 გამოშვება, რომელიც 27 ოქტომბრამდე გრძელდება, მუსიკალურ კომპლექს Auditorium Parco della Musica-ში ტარდება. ფესტივალზე წარდგენილი ფილმების სია საკმაოდ ეკლექტიკურია, მათ შორის არის ბევრისთვის საყვარელი ფილმებიც.

მაგალითად, The Substance, Emilia Pérez, Anora და On Becoming a Guinea Fowl. ფესტივალზე ადგილი ახალგაზრდა კინორეჟისორებსა და კინომოყვარულებსაც ეთმობა, ხოლო ფესტივალთან დაკავშირებული სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები მთელ რომში ტარდება.

რაც შეეხება მუსიკას – თურმე როგორ მოგვნატრებია ჯასტინ ვერმონი. ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც Bon Iver-ის წამყვანმა სოლისტმა გამოუშვა ალბომი ‘i, i’. თუმცა ამ ხნის განმავლობაში იგი უქმად არ მჯდარა და უამრავ კოლეგასთან თანამშრომლობდა მათ შორის ტეილორ სვიფტთანაც.

ჯასტინ ვერმონის ახალი მინიონი ‘SABLE’ მხოლოდ სამ მუსიკალურ ტრეკს შეიცავს, მაგრამ სამივე მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილ სათქმელს ამბობს. ეს მუსიკა აერთიანებს მელანქოლიურ განცდებს, საკუთარი თავის რწმენასა და იმედს.

ავტორი: ამბერ ლუისა ბრაისი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend