მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის პოლიციამ ნარკოვაჭრობაში ჩართული პიცერია გამოააშკარავა

გერმანიის პოლიციამ ნარკოვაჭრობაში ჩართული პიცერია გამოააშკარავა

გერმანიის პოლიციამ დიუსელდორფში ნარკომოვაჭრეები გამოააშკარავა. საქმეში ერთ-ერთი პიცერიაც იყო ჩართული, რომელიც პიცასთან ერთად, ფარულად კოკაინსაც აწვდიდა მომხმარებლებს.

პოლიციის ინფორმაციით, მომხმარებლები, რომლებიც მენიუში მეორმოცე ნომერს შეუკვეთდნენ, პიცასთან ერთად კოკაინსაც იღებდნენ.

კრიმინალური პოლიციის დირექტორმა მიხაელ გრაფ ფონ მოლტკემ განაცხადა, რომ სქემა პირველად კვების ინსპექტორებმა მარტში გამოავლინეს. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის სამსახური მუდმივად უთვალთვალებდა კვების ობიექტს. ისინი მალევე მიხვდნენ, თუ რატომ იყო პიცა ნომერი 40 ასეთი პოპულარული.

როდესაც პოლიციის ოფიცრები პიცერიის მენეჯერის ბინას ჩხრეკდნენ, როგორც ჩანს, 36 წლის მამაკაცმა ფანჯრიდან გადააგდო ნარკოტიკებით სავსე ჩანთა, რომელიც იქ მისულ პოლიციელებს ჩაუვარდათ ხელში.

ჩანთაში იყო 1.6 კილოგრამი კოკაინი, 400 გრამი კანაფი და ნაღდი ფული 268 000 ევროს ოდენობით.

ორდღიანი დაკავების სერიის შემდეგ კვების ობიექტის მენეჯერმა ხელახლა აამუშავა პიცერია და განაგრძო პიცა ნომერი 40-ის გაყიდვა, რამაც გამომძიებლებს საშუალება მისცა, მიწოდების ჯაჭვი გაეშიფრათ.

რამდენიმეკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ პოლიციის დაახლოებით 150-მა ოციცერმა მასშტაბური რეიდი ჩაატარა. გამოაშკარავდა ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემა. დააკავეს სამი ეჭვმიტანილი, მათ შორის დაჯგუფების 22 წლის ლიდერი.

ჩხრეკა ჩატარდა კიდევ 12 ეჭვმიტანილის სახლებსა და სამუშაო ადგილებზე.

რეიდის დროს პოლიციამ მენხენგლადბახსა და ზოლინგენთან ახლოს ასევე აღმოაჩინა კანაფის ორი პლანტაცია, სადაც ჯამში 360 მცენარე იყო დარგული.

პოლიციელებმა ამოიღეს იარაღი, ნაღდი ფული და ძვირადღირებული საათები. პიცერიის მენეჯერი მაშინ დააკავეს, როდესაც საზღვარგარეთ გაქცევას ცდილობდა. იგი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

გერმანიის კონფიდენციალობის კანონის შესაბამისად, ეჭვმიტანილთა ვინაობა არ გამჟღავნებულა.

პოლიციას ჯერ არ დაუზუსტებია, რა თანხას ახდევინებდა პიცერია მომხმარებლებს კოკაინის შეკვეთისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend