მთავარისაქართველოსისტემური დარღვევები წინასაარჩევნოდ - სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები

სისტემური დარღვევები წინასაარჩევნოდ – სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები

3 მილიონ 508 ათას 294 ამომრჩეველი 5 დღეში საარჩევნო უბანზე უნდა მივიდეს და არჩევნების გზით გადაწყვიტოს, რომელი პოლიტიკური ძალებით დაკომპლექტდება მე-11 მოწვევის პარლამენტი. კენჭისყრის დღისთვის ემზადება ყველა – ამომრჩეველი, სახელისუფლებო გუნდი, ოპოზიცია და ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. სწორედ მათი კრიტიკული გზავნილების სამიზნეა მმართველი პარტია.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, „ქართული ოცნება“ არჩევნების გასაყალბებლად სხვადასხვა უკანონო მეთოდს იყენებს. მათ შორისაა პერსონალური მონაცემების შეგროვება და ადმინისტრაციული რესურსის ფლანგვა. განცხადებებში სადამკვირვებლო ორგანიზაციები არა მხოლოდ მიმდინარე დარღვევებზე საუბრობენ, არამედ ხაზს უსვამენ ხელისუფლების მიერ ბოლო თვეებში გადადგმულ საკანონმდებლო ნაბიჯებს, ასევე დამოუკიდებელი სტრუქტურების სახელმწიფოს კონტროლქვეშ მოქცევის მცდელობებს. მმართველ პარტიას აკრიტიკებენ ანტიდემოკრატიული ქმედებების გამოც, რომელთა შორისაც დასახელებულია საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე მიღებული ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონი. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, საერთაშორისო კრიტიკისა და ქუჩის აქციების თანხლებით მიღებული კანონის რეალური მიზნები წინასაარჩევნოდ აშკარავდება.

„მთავარ გამოწვევებს შორისაა: გაუარესებული კანონმდებლობა, მათ შორის საარჩევნო გარემოზე „რუსული კანონის” ნეგატიური გავლენა; ანტიკორუფციული ბიუროსა და კომუნიკაციების კომისიის სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მაუწყებლების შევიწროებისთვის გამოყენება; ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები და მათი არაეფექტური გამოძიება; ამომრჩევლების, მათ შორის საჯარო მოხელეების ნებაზე მუქარით, დაშინებით, პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით ზემოქმედება; მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიისთვის მასშტაბური მობილიზება, საბიუჯეტო პროგრამების ვიწროპარტიული მიზნით გამოყენება და სხვა მანკიერი ტენდენციები“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

„მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურ პრობლემად იკვეთება მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების, უკანონოდ შეგროვებისა და გამოყენების ფაქტები. მმართველი პარტიის ხელში ხვდება პერსონალური მონაცემები, რომლებსაც მხოლოდ სახელმწიფო უწყებები ფლობენ. როგორც ჩანს, ამომრჩეველთა მონაცემები სახელმწიფო უწყებების მიერ გადაეცემა მმართველ პარტიას, რათა უფრო მარტივი იყოს ამომრჩეველთა მართვა. ასევე პრობლემად იკვეთება ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა. ასეთი ფაქტების შესახებ ჩვენს კოალიციასაც მომართა ათობით მოქალაქემ. ამ შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა, რომ მედიისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია პირადობის მოწმობების მუქარითა და შანტაჟით ჩამორთმევისა და ამ პროცესებში სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა საჯარო მოსამსახურეების ჩართულობის შესახებ, პასუხისმგებელი საგამოძიებო უწყებები, კონკრეტულად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა, არ აკეთებენ არავითარ განცხადებას ამ ფაქტებზე განხორციელებული რეაგირების შესახებ“, – განაცხადა ბრიფინგზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ჩემი ხმა“ პრესსპიკერმა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების სპიკერების კრიტიკას „ქართული ოცნება“ მათ ხელთარსებული „მტკიცებულებებით“ პასუხობს, სადაც ნათქვამია, თითქოს არჩევნების გაყალბებასა და „არეულობის სცენარის მოწყობას“ „ოპოზიციურ ძალებთან დაკავშირებული ძალები“ გეგმავენ. მმართველ პარტიაში ქართველი ხალხის „მზარდ მხარდაჭერაზე“ საუბრობენ და განმარტავენ, რომ „კანონის ჩარჩოებიდან, თუნდაც, ძალიან მცირე გადახვევაც კი არ ჯდება“ მათ გეგმებში.

„მივმართავ აბსოლუტურად ყველას, ვინც კი 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდება, ასევე კომისიისა და კომისიების ყველა წევრს და ეს მიმართვა განსაკუთრებით და პრიორიტეტულად ეხება ჩვენი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში. არა თუ რაიმე სახის დარღვევა და ამ გზით, თუნდაც, დამატებითი ერთი ხმის მოპოვება, არამედ კანონის ჩარჩოებიდან ძალიან მცირე, უმნიშვნელო სახის გადახვევაც კი არ ჯდება ჩვენს გეგმებში. თუკი ვინმე ასეთ საკითხზე დაგელაპარაკებათ, წინასწარვე, მთელი პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ ის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ჩვენი ქვეყნის ბოროტის მსურველი არის და აქვს ერთადერთი მიზანი, ჩრდილი მიაყენოს დემოკრატიულ არჩევნებს და იზრუნოს მის არალეგიტიმურად გამოცხადებაზე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

ბოლო წინასაარჩევნო კვირას საქართველო კრიტიკული გზავნილებით ხვდება. გზავნილების ავტორები როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ისე ქვეყნის შიგნით არსებული ორგანიზაციები არიან. ადრესატი კი, ძირითად შემთხვევაში, ერთია – საქართველოს ხელისუფლება. ყველა მათგანი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, უზრუნველყოს მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო, მისცეს საშუალება მოქალაქეებს, ხმა მისცენ თავისუფალ ვითარებაში და ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend