სეულისა და კიევის ინფორმაციით, ფხენიანი მოსკოვისთვის უკრაინაში საბრძოლველად 10 000-მდე სამხედროს გაგზავნას გეგმავს. სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის თანახმად, 1500 ჩრდილოეთკორეელი სამხედრო უკვე ადგილზეა.
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სეულს დელეგაციის გაგზავნა მოსთხოვა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ იოლსა და ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ უახლესი ცნობების მისაღებად.
პრეზიდენტი იოლის ადმინისტრაციის თანახმად, მარკ რუტე იმედოვნებს, რომ სამხრეთ კორეა, უკრაინა და ნატო გააძლიერებენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, რათა გადადგან ნაბიჯები რუსეთში ჩრდილოეთკორეელი ჯარების განლაგების საპასუხოდ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა ისიც, რომ რუსეთის მხარეს ჩრდილოეთკორეელი ჯარების განლაგება კონფლიქტს მნიშვნელოვნად გაამწვავებს.
„ვესაუბრე სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ნატოს მჭიდრო პარტნიორობაზე სეულთან, თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობაზე და ევროატლანტიკური და ინდო-წყნარი ოკეანეთის ურთიერთდაკავშირებული უსაფრთხოების შესახებ. ჩრდილოეთ კორეის მიერ უკრაინაში რუსეთის გვერდით საბრძოლველად ჯარების გაგზავნა კონფლიქტის მნიშვნელოვან ესკალაციას ნიშნავს“, – განაცხადა მარკ რუტემ, ნატოს გენერალურმა მდივანმა.
I spoke with @President_KR about #NATO’s close partnership w/ Seoul, defence industrial cooperation, and the interconnected security of the Euro-Atlantic and Indo-Pacific. #NorthKorea sending troops to fight alongside #Russia in #Ukraine would mark a significant escalation.
— Mark Rutte (@SecGenNATO) October 21, 2024
21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კიევისა და სეულის მიერ გავრცელებულ ცნობებს წინააღმდეგობრივი უწოდა და განაცხადა, რომ ფხენიანთან ურთიერთობების გაღრმავება რუსეთის სუვერენული უფლებაა.
„ჩრდილოეთ კორეა, ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ჩვენი ახლო მეზობელი და პარტნიორია. ურთიერთობებს ყველა სფეროში ვავითარებთ. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა. ამან არ უნდა გამოიწვიოს ვინმეს შეშფოთება, რადგან ეს თანამშრომლობა არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ განვაგრძობთ ამ თანამშრომლობის განვითარებას. ვხედავთ ბევრ წინააღმდეგობრივ ინფორმაციას ამ თემაზე. სამხრეთკორეელები ერთს ამბობენ, პენტაგონი კი აცხადებს, რომ მსგავსი წინადადებების დადასტურება არ შეუძლიათ. ბევრი წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
გავრცელებულ ცნობებს აშშ ამ ეტაპზე არ ადასტურებს, თუმცა ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევა შემაშფოთებელი იქნება. იმავეს ამბობს საფრანგეთის საგარეო მინისტრი ჟან-ნოელ ბაროც. მისი თქმით, კონფლიქტში ჩრდილოეთკორეელი სამხედროების ჩართვა ომს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრის თქმით კი, ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების უკრაინის ომში მონაწილეობა არღვევს გაეროს ქარტიასა და რეზოლუციებს.
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის, განცხადებით, 11 ათასამდე ჩრდილოეთკორეელი სამხედრო უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად 1-ელი ნოემბრიდან იქნება მზად.