მთავარისაქართველო„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ - თბილისში აქცია გაიმართა

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ – თბილისში აქცია გაიმართა

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ – ამ სახელწოდებით არჩევნებამდე 6 დღით ადრე, თბილისში სახალხო მარში გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ თქვეს თავისი მთავარი გზავნილი, რომ აქციაზე ერთადერთი მიზეზით შეიკრიბნენ – კიდევ ერთხელ აჩვენონ მთელ მსოფლიოს, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ევროპული მომავალი, ფასეულობები და ღირებულებები.
„ქართველი ხალხი, ყველა თაობა, სხვადასხვა ჯერზე გამოხატავდა ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და დღესაც ყველა გამოვხატავთ, რომ ჩვენი ერთადერთი მომავალი ევროპაშია“;
„ჩემთვის აქ ყოფნა ჩემი მომავლის დაცვას ნიშნავს, მნიშვნელოვანია, ჩემი მომავალი იყოს ევროპული და არა ისეთი, სადაც არ მექნება სიტყვის თავისუფლება“;
„საქართველოს ახლა ერთადერთი შანსი აქვს გადარჩენის, ქვეყნად დარჩენის, თავისუფლების, მომავლის იმედი – ეს არის ევროპა. სხვა ალტერნატივა დღეს არ გვაქვს“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
აქციის მონაწილეები საღამოს ხუთი საათიდან თბილისის ხუთ სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ. მარჯანიშვილის მოედნიდან, გმირთა მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან, სამასი არაგველის ობელისკიდან და ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთიდან დაიძრნენ და მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ, სადაც აქცია-კონცერტი გაიმართა. მარშს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. მან მოქალაქეებს სცენიდან მიმართა და განაცხადა, რომ აქციაზე ის ქართველები არიან, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში.
„ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემ წინ დგას, თავისუფალი საქართველოა. აქ არავინ არ არის ძალით მოსული, არავინ არ არის მოსული იმიტომ რომ, უთხრეს:„თუ არადა სამსახურს დაკარგავო“. არცერთი სტუდენტი არ არის მოსული, იმიტომ რომ უთხრეს: „თუ არადა სტიპენდია არ გექნება“. არაფერი არ
არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა. დღეს აქ ის ქართველები არიან, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში. დღეს, აქ ხვალინდელი და გუშინდელი საქართველო დგას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
„როგორც ადრე – შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე“ – წერდნენ ორგანიზატორები ღონისძიების აღწერაში. აქცია
-კონცერტზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა. მსვლელობას ბაიკერებიც შეუერთდნენ. აქცია-კონცერტზე სხვადასხვა მუსიკალურმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა.
ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend