ისრაელის სამხედროებმა ლიბანზე მორიგი იერიშები მიიტანეს. მათი სამიზნე ამჯერად ის ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები იყო, რომლებიც დაჯგუფება “ჰეზბოლას” უჭერენ მხარს.
ამასთან, ისრაელის ძალებმა მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცეს ლიბანის 24 ადგილას, რომელთაგან 14 დედაქალაქ ბეირუთში მდებარეობს. მათი მტკიცებით, ავიადარტყმები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარის თქმით, მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში ისრაელი იერიშს მიიტანს უამრავ სამიზნეზე. ისინი უახლოეს დღეებში გაასაჯაროებენ, თუ როგორ აფინანსებს ირანი „ჰეზბოლას“ ტერორისტულ საქმიანობას სამოქალაქო ინსტიტუტების, ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით.
ისრაელის დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თავდასხმების მთავარი სამიზნე „ჰეზბოლას“ მიერ მართული საბანკო სისტემა გახდა, რომელიც ნაღდი ანგარიშსწორებით უზრუნველყოფს ფინანსურ მომსახურებას და რომლითაც ასობით ათასი რიგითი ლიბანელიც სარგებლობს.
For the past week, sirens have been sounding in northern Israel nonstop.
For the past 378 days, Hezbollah has been terrorizing Israeli civilians.
This is why we are operating— to restore security to our civilians.
— Israel Defense Forces (@IDF) October 20, 2024
ალ-ქარდ ალ-ჰასანის ბანკის წარმომადგენლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაიერიშები ისრაელის გაკოტრების ნიშანია. მათ მომხმარებლები დაამშვიდეს, რომ მათ თანხას საფრთხე არ ემუქრება.
ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ერთი წლის წინ დაწყებული კონფლიქტი, რომელსაც თან ახლდა ხშირი საპასუხო ცეცხლი, გასულ თვეს სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა.
ისრაელმა სექტემბრის ბოლოს მიზანმიმართული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო ლიბანში, სადაც, როგორც ამბობენ, ადგილზე 15000-ამდე ჯარისკაცია მობილიზებული.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ კვირას „ჰეზბოლამ“ისრაელის მიმართულებით 170-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ჩრდილოეთ ქალაქ ცფათზე თავდასხმის დროს გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული.