ევროკავშირის ქვეყნები არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარების მიზნით ახალი წესების სასწრაფოდ მიღებას ითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ბრიუსელში 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
„საუბრის მთავარი თემა მიგრანტების დაბრუნების საკითხი იყო – დღეს ევროკავშირის ქვეყნებში ვხვდებით უამრავ პიროვნებას, რომელსაც ამ ქვეყნებში გაჩერების კანონიერი უფლება არ გააჩნიათ. ჩამოსულების მხოლოდ 20% ბრუნდება საკუთარ ქვეყანაში“,-ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ევროკავშირის ლიდერებმა ასევე დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება, ებრძოლონ ემიგრაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. რუსეთს, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ უფლება, „ბოროტად გამოიყენონ ჩვენი ღირებულებები, მათ შორის თავშესაფრის უფლება და ძირი გამოუთხარონ ჩვენს დემოკრატიებს“, ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე გამოდის შეთავაზებით, რომ ის მიგრანტები, რომლებსაც ევროკავშირში დარჩენის უფლება არ ექნებათ, გაგზავნონ ე.წ. დაბრუნების ჰაბებში ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, რომლებთანაც ევროკავშირს ექნება შესაბამისი შეთანხმებები.
„ცხადია, რომ ეს ყველაფერი ევროკავშირის თავშესაფართა პოლიტიკას სრულიად შეცვლის. ბუნდოვანია, თუ როგორ იმუშავებს მიგრანტთა დაბრუნების ჰაბები და რა ბედი ეწვევა ამ ხალხს”, -ამბობს შონა მარი, ევრონიუსის ჟურნალისტი.
ევროკომისია ასევე გეგმავს, გაამკაცროს ზომები იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ.