მთავარისაქართველოევროკავშირის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს: „თქვენ წყვეტთ, სად გსურთ იყოს საქართველო”

ევროკავშირის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს: „თქვენ წყვეტთ, სად გსურთ იყოს საქართველო”

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, აკრძალოთ ყველა ოპოზიციური პარტია, განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დაუშვებთ, რომ საქართველო იყოს ადგილი, სადაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას ადგილი არ აქვს – საქართველო ევროკავშირის წევრი არ გახდება. არც დღეს, არც ხვალ და 2030- ში”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

მან მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მომავალი ახლა მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ხელშია და რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებს, ევროკავშირი პატივს სცემს, თუმცა, თუ ქვეყანა უგულებელყოფს ღირებულებებს, რომელსაც ბლოკი ეფუძნება, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება.

„არჩევნები ერთ კვირაში იქნება. ეს ეხება თქვენს მომავალს და თქვენი შვილების მომავალს. რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, ევროკავშირი პატივს სცემს თქვენს გადაწყვეტილებას და სწორედ ეს არის უდიდესი განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს არჩევანს. თქვენი მომავალი მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. მაგრამ გთხოვთ, პატივი ეცით იმას, რომ ევროკავშირი შექმნილია კონკრეტულ ღირებულებებზე. ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. ეს ღირებულებები მოლაპარაკების საგანი არ არის.”

ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და იმ შემთხვევაში თუ არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით არ ჩატარდება, ევროკავშირი “განსხვავებულ ვარიანტებს” წარმოადგენს.

„ჩვენ ველოდებით არჩევნების დღეს. ვნახავთ, როგორ ჩატარდება არჩევნები. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეს შეფასდება საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. ამასთანავე, თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ ჩვენ ხელთ არსებული განსხვავებული ვარიანტები, ეს არ არის მუქარა. ეს რეალობაა“

ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები ქვეყანას ევროკავშირს სულ უფრო და უფრო აშორებს.

„ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სურვილს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართველი მმართველების მიერ გადადგმული ნაბიჯები და გაჟღერებული განცხადებები საქართველოს ევროკავშირთან კი არ აახლოებს, არამედ პირიქით, აშორებს. არჩევნებამდე მხოლოდ 8 დღე დარჩა. ქართველებო, თქვენი ქვეყნის მომავალი თქვენივე ხელშია. თქვენ გაქვთ იმის ძალა, რომ გადაწყვიტოთ თუ როგორ წარიმართება თქვენი ოჯახებისა და შვილების მომავალი. ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ! ეს არჩევნები არის შანსი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენი მხარე სრულიად მზად არის, რომ საქართველო მივიღოთ ევროკავშირში, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს იმ წესებისა და პრინციპების დაცვით, რასაც ევროპის 27-ივე ქვეყანა მოვითხოვთ და ასევე, ჩვენც ვასრულებთ.”

ჰერჩინკიმ აღნიშნა ისიც, რომ საქართველომ უკვე დაკარგა 121 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება და იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, საქართველო  კიდევ უფრო მეტს დაკარგავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend